დავით ნარმანიამ 2017 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარადგინა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მერიაში 2017 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარადგინა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე დავით ნარმანიამ განაცხადა, 2017 წლის თბილისის ბიუჯეტის მოცულობა 800 მილიონ ლარს შეადგენს.დედაქალაქის მერმა მთავარი პრიორიტეტები დაასახელა. ნარმანიას თქმით, მერისთვის მთავარი პრიორიტეტია მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, შესაბამისად, ბიუჯეტიდან 62 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე ეს იყო 2016 წელს.

2017 წელს გათვალისწინებულია აღნიშნული თანხით მეტროპოლიტენის ვაგონების მოდერნიზაცია. ამ მიზნით შეკეთდება 30-ზე მეტი ვაგონი, დასრულდება ახალი ავტობაზის მშენებლობა და მოხდება მეტროპოლიტენის რამდენიმე სადგურის კეთილმოწყობა. 2017 მარტის ბოლომდე კი თბილისში 143 ერთეული „მანის“ მარკის ავტობუსებს შემოიყვანენ.

მერიისთვის მეორე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ეს არის საგზაო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის სამუშაოები. როგორც დავით ნარმანიამ განმარტა, ეს სამუშაოები გზის კეთილმოწყობას და შეკეთებასაც მოიცავს და ამ მიზნით გასულ წელთან შედარებით 9 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. სულ საგზაო სამუშაოებისათვის 85,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

მეორე პრიორიტეტად ნარმანიამ დაასახელა გამწვანების ღონისძიებები. კერძოდ, ამ თვალსაზრისით მერია კვლავ მასშტაბურ ღონისძიებებს განახორციელებს და 3 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება, ვიდრე ეს წელს იყო. მეოთხე პრიორიტეტად თბილისის მერმა დაასახელა სკოლამდელი განათლება. დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ საბავშვო ბაღების დაფინანსება 15 მილიონი ლარით გაიზრდება. აღნიშნული თანხა 10 ახალი ბაღის მშენებლობის დასრულებას მოხმარდება, რომელიც დაიწყო და ასევე მომავალ წელს 8 ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყება.

თბილისის მერმა ისაუბრა ასევე ავარიული სახლების შეკეთების ღონისძიებებზე. დავით ნარმანიას თქმით, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით იგივე თანხა არის გამოყოფილი, რაც წელს იყო. ანუ შეკეთდება 40-45 მრავალსართულიანი ავარიული კორპუსი, ხოლო გამგეობების მიერ ასევე შეკეთდება 2-3 სათულიანი სახლები.

წარდგენის შემდეგ ეს პროექტი თბილისის საკრებულოში გადაიგზავნა.