2017 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტით ადმინისტრაციული ხარჯები 16.1 მილიონი ლარით მცირდება

2017 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტით წლევანდელ წელთან შედარებით ადმინისტრაციული ხარჯები 16.1 მილიონი ლარით მცირდება, - ამის შესაებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს თბილისის მერიაში ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, მათ შორის საპრემიო ფონდი შემცირდება 9.3 მილიონი ლარით. მისივე თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული ხარჯები მათ მკვეთრად შეამცირეს. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაში იგულისხმება საწვავის, რემონტის, ტექნიკის შეძენაზე გაკეთებული დანაზოგები.

მერს ასევე კითხვით მიმართეს, თუ რატომ არის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა წლევანდელ ბიუჯეტთან შეადარებით 40 მილიონი ლარით ნაკლები. დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ძირითადად ეს მოცულობა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებამ გამოიწვია, ასევე იმან, რომ 2016 წლის ბიუჯეტში 25 მილიონ ლარს სტიქიის ლიკვიდაციისათვის გათვალისწინებული თანხები შეადგენდა.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 800 მილიონ ლარს შეადგენს, სადაც მთავარ პრიორიტეტს მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება წარმოადგენს, რისთვისაც ბიუჯეტში 62 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. ეს პროექტი დედაქალაქის საკრებულოში დღესვე გადაიგზავნა. ბიუჯეტს საკრებულოს სხდომაზე წლის ბოლომდე დაამტკიცებენ.