ბაზარზე ხორცის სახელით იყიდება ისეთი პროდუქტი, რომლის შემადგენლობა არ შეესაბამება ნამდვილი ხორცის შემცველობას

ტექნიკური რეგლამენტი „საქონლის ხორცისა და ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესის შესახებ“ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგულაცია, რომელიც მომხმარებელთა ინტერესების დაცვას გულისხმობს.

მისი მომხრეები იმედს გამოთქვამენ, რომ რეგლამენტის ამოქმედებით ქართული ბაზარი გაცილებით მოწესრიგდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხორცისა და ხორცპროდუქტების სავალდებულო ეტიკეტირების წესი ძალაში 2017 წლის პირველი იანვრიდან შევა. სააგენტოში აცხადებენ, რომ პროდუქციის ეტიკეტზე ყველა სახის ინფორმაცია უნდა ჩანდეს, რომელიც მის ვარგისიანობაზე მიუთითებს. ამჟამად ეტიკეტირება ნებაყოფლობითია, იანვრიდან კი, ყველა მწარმოებელი ვალდებული იქნება სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს და ეს შეეხება ყველა სახის ცხოველისა და ფრინველის ხორცს.

სურსათის ექსპერტთა ასოციაციის ხელმძღვანელი დალი წულაია მიიჩნევს, რომ ხორცპროდუქტების ეტიკეტირება აუცილებელია.

„ხშირად ხორცისა და ხორცპროდუქტების ხარისხი ძალიან დაბალია, ხოლო მათი შემადგენლობა - გაურკვეველი. ჩვენს ბაზარზე ხორცის სახელით იყიდება ისეთი პროდუქტი, რომელსაც ხორცის შემცვლელი უნდა ეწეროს, რადგან მისი შემადგენლობა არ შეესაბამება ნამდვილი ხორცის შემცველობას. სინამდვილეში ხორცის ნაცვლად ვყიდულობთ სოიოს შემცველ პროდუქციას, ან სხვადასხვა დარღვევასთან გვაქვს საქმე. საერთოდ, ხორცპროდუქტებში კუნთოვანი ქსოვილიც უნდა იყოს შერეული - კერძოდ, მყესები და ხრტილოვანი ქსოვილი, რომელთა შემცველობაც ნორმირებულია, მაგრამ ხშირად მათი რაოდენობა ძალიან მაღალია და ეს ეტიკეტზე არ არის აღნიშნული. მომხმარებელი ყოველ ნაბიჯზე ტყუვდება, რადგან ეტიკეტის წარწერები არ შეესაბამება პროდუქტის ჭეშმარიტ შემცველობას, ეს კი - ფალსიფიცირებაა“, - აღნიშნავს დალი წულაია.

ეტიკეტირების შემოღებას წინგადადგმულ ნაბიჯს უწოდებს სტრატეგული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტი, თსუ-ის პროფესორი ეთერ სარჯველაძეც.

„რეგლამენტი ხორცისა და ხორცპროდუქტების შესახებ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მომხმარებელთა უფლებების დაცვის გზაზე. მყიდველს ის მაინც ეცოდინება, რას ყიდულობს. ხორცპროდუქტების ხარისხზე მოხმარებელს სრულყოფილი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, ის ინფორმირებული უნდა იყოს ყველა პროცედურის შესახებ, რომელიც ამ პროდუქციამ გაიარა“, - აღნიშნავს ეთერ სარჯველაძე.

ექსპერტის თქმით, წლების განმავლობაში ქართულ ბაზარზე განაყინი ხორცი იყიდებოდა, რომელსაც ალღობდნენ და ახლად ასაღებდნენ, იყიდებოდა ისეთი ხორცპროდუქტები, რომლებიც არ შეიცავდა საჭირო რაოდენობის ხორცს. მომხმარებელმა არ იცოდა, იყო თუ არა ეს პროდუქცია ქიმიური ხსნარებით დამუშავებული.

„თუ ადამიანი გაყინულ და ხსნარებით დამუშავებულ ხორცს ყიდულობს, ამის შესახებ უნდა იცოდეს. ეტიკეტირების მთავარი პლუსი ის არის, რომ ეს ყველაფერი გაკონტროლდება და თუ ვინმეს რაიმე დარღვევა აღმოაჩნდება, კანონიერად დაისჯება. ეს არის ერთგვარი პროფილაქტიკა დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, რადგან უხარისხო ხორცის შეძენის დროს მომხმარებელი ფასშიც ტყუვდება: ახალი ხორცი გაცილებით ძვირი უნდა ღირდეს, ვიდრე ძველი. ახლა კი, შეიძლება 2-3 წელი გაყინული ჰქონდეთ, მერე კი, ბაზარზე გამოიტანონ და თქვან, რომ ეს ახალი ხორცია. დაფიქსირებულია ქიმიური ხსნარებით დამუშავების ფაქტებიც. არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქართულ ბაზარზე სახედრისა და ცხენის ხორციც იყიდებოდა. დარღვევაა ისიც, რომ ეტიკეტზე შეიძლება ეწეროს საქონლის ხორცი, მაგრამ მასში ღორის ხორცი იყოს შერეული“, - ამბობს ექსპერტი.

ეთერ სარჯველაძის აზრით, როდესაც მეწარმეს ეცოდინება, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო ყველაფერს აკონტროლებს, ამდენს ვეღარ გაბედავს.

„ეტიკეტირების შემდეგ პროდუქტს ყველაფერი დაეწერება და ეს ძალიან კარგია. საკვები ისეთივე სუფთა უნდა იყოს, როგორც ჰაერი და წყალი: ბოლო წლებში ისეთი ფაქტებიც აღმოაჩინეს, როდესაც ძეხვებს და სოსისებს ხორცის ნაცვლად ქიმიური ნივთიერებები და საღებავები ჰქონდა დამატებული. ეს ნივთიერებები ხორცპროდუტებს ფერს აძლევს, მაგრამ მათი მიღებისას სისხლში სერიოზული ცვლილებები ხდება, რაც სისხლის გათეთრებას იწვევს. ამის ბრალიცაა, რომ ბოლო წლებში საქართველოში ლეიკემიით დაავადებულთა რიცხვი ძალიან გაიზარდა. გარდა გარემოს დაბინძურებისა, ფალსიფიცირებული საკვები ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია, რომელიც ადამიანის ორგანიზმს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს“, - აცხადებს ეთერ სარჯველაძე.

ხათუნა ჩიგოგიძე