ცვლილებები მერიის სოციალური სუბსიდირების პროგრამაში - ატყუებს თუ არა მერია მოქალაქეებს?

თვის ბოლოდან კვლავ ამოქმედდება დედაქალაქის მერიის კომუნალური სუბსიდირების პროგრამა.

პროგრამის თანახმად, მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებს ზამთრის, კერძოდ 5 თვის - ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი - განმავლობაში კომუნალურ გადასახადებს უნაზღაურებს.

პროგრამასთან დაკავშირებით, „ბიზნესპრესნიუსს“ მოქალაქემ მიმართა, რომლის თქმითაც, მერია მოქალაქეებს ატყუებს.

„პროგრამის თანახმად, შარშან თვეში 84 ლარი იყო და ოჯახი თანხას საჭიროებისადმი ანაწილებდა. ახლა კი ვითომ 106 ლარი გახდა, მაგრამ ამოიღეს გაზის ანგარიშზე ჩარიცხვის შესაძლებლობა და მხოლოდ დენზე დატოვეს... მოქალაქეთა უმეტესობა კი ზამთარში გაზით თბება და რა გამოდის? დაფინანსება 106 ლარამდე გაიზარდა, მაგრამ მხოლოდ ელექტროენერგიის და დასუფთავების ხარჯს (20-30 ლარს) ანაზღაურებენ და ხალხს ატყუებენ,“ - აღნიშნავს სოციალურად დაუცველი მოქალაქე.

„ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა გაერკვია, თუ რა შეიცვალა პროგრამაში. როგორც მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში აღნიშნეს, პროგრამა მხოლოდ კომუნალური ხარჯების ანაზღაურებას ითვალისწინებს.

„ბუნებრივი აირის დანახარჯის ანაზღაურება არც 2014 და არც 2015 წელს არ ხდებოდა. 2015 წლიდან დაფინანსება გაზრდილია და ოჯახს თვეში 106 ლარი აბონენტის ნომერზე ჩაერიცხება და რასაც დახარჯავენ, აუნაზღაურდებათ,“-აღნიშნეს მერიაში.

აღსანიშნავია, რომ მერიის გვერდზე არსებული 2015 წლის სოციალური პროგრამების თანახმად, გარდა კომუნალური ხარჯის ანაზღაურებისა, სოციალური სტატუსის მქონე ოჯახებს თვეში 35 ლარი (წელიწადში 420) ფულადი თანხის სახით ერიცხებოდათ, რომელსაც სურვილისამებრ იყენებდნენ.

თუმცა, როგორც ჯანდაცვის საქალაქო სამსახურში თქვეს, წელს ოჯახებს ფულადი თანხა აღარ ჩაერიცხებათ, რადგან პროგრამა უფრო მიზნობრივი გახდა და მხოლოდ 106 ლარის ფარგლებში კომუნალური ხარჯების ანაზღაურებას ემსახურება.

თაია არდოტელი