დოლარში სესხის გაცემა აიკრძალება?!

მთავრობის მიერ ლარის დევალვაციის შესაჩერებლად გაკეთებულმა განცხადებამ ექსპერტებს თავგზა აუბნია. ისინი ეჭვობენ, რომ შესაძლოა, დოლარში სესხების გაცემა აიკრძალოს ან უკიდურესად შეიზღუდოს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს,  სპეციალისტები მთავრობას აკრიტიკებენ, ხოლო ბანკების ასოციაციას და საქართველოს ეროვნულ ბანკს ახლა ის დრო უდგათ, როცა ლაპარაკს დუმილს ამჯობინებენ.

ბანკების ასოციაციაში ამბობენ, რომ საკუთარი მოსაზრების დასაფიქსირებლად, მინიმუმ, 2-3 დღე დასჭირდებათ. რაც შეეხება სებ-ს, გვენეტაძის უწყებაში ამბობენ, რომ დედოლარიზაცია მთავრობის პოზიციაა და ამასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

ფაქტია, რომ ლარის გაუფასურების შესაჩერებლად ეროვნული ბანკის მიერ აქამდე განხორციელებულმა ღონისძიებამ შედეგი ვერ გამოიღო. როგორც ჩანს, ახლა საქმე რადიკალური ზომების გამოყენებამდე მივიდა. დიდი ალბათობით, ეს იქნება ის უკიდურესი ნაბიჯი, რომელიც დოლარიზაციის თანმიმდევრული შემცირების მიმართულებით გადაიდგმება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისის ეფექტის შერბილების მიზნით, უახლოეს მომავალში დაწესდება გარკვეული საბაზრო რეგულაციები, რომლებიც დედოლარიზაციას, ანუ სესხებსა და დეპოზიტებში უცხოური ვალუტის წილის შემცირებას ისახავს მიზნად.

საბანკო რეგულაციის გარდა, მთავრობა ლარის გასამყარებლად მომავალი წლისთვის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასაც გეგმავს:

"დაჩქარდება ეკონომიკური ზრდა როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. მოსახლეობის დიდი ნაწილი აღარ იქნება დამოკიდებული გარე ნეგატიური ფაქტორებით გამოწვეული ლარის კურსის მოკლევადიან რყევებზე და არსებითად გაჯანსაღდება ეკონომიკური გარემო ქვეყანაში. დარწმუნებული ვართ, რომ გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები ასევე ხელს შეუწყობს ლარის კურსის დასტაბილურებას. ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოს მოსახლეობის წინაშე რეალურად დგას, ეფუძნება სასესხო პორტფელის გადაჭარბებულ დოლარიზაციას", - ნათქვამია განცხადებაში.

"ქართული ოცნების" წარმომადგენელი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა, ეროვნულ ბანკთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციების საფუძველზე, ლარის დასტაბილურების დამაჯერებელ გეგმას წარმოადგენს.

"მთავარი ამოცანა არის ეროვნულ ვალუტაში სესხებისა და დეპოზიტების წახალისება. ამ მიზნით, მთავრობასთან ერთად, გამოქვეყნდება სამოქმედო გეგმა, სადაც საუბარი იქნება სწორედ საბაზრო მექანიზმებზე და არა რაღაც უხეშ რეგულაციებზე. ადამიანებს მეტი სტიმული მიეცემათ, რათა როგორც დანაზოგები, ისე სესხები აიღონ ლარში", - ამბობს ზოიძე.

ამ დროისთვის უცნობია, თუ რა ტიპის რეგულაციაზეა საუბარი. დიდი ალბათობით, საუბარი შეიძლება წავიდეს დოლარში სამომხმარებლო და იპოთეკური სესხის გაცემის აკრძალვაზე, რადგან დედოლარიზაციის ეგიდით წარმოებულმა კამპანიამ შედეგი აქამდე ვერ გამოიღო.

შესაძლოა აკრძალვის ტენდენცია ბანკების საქმიანობაში ირიბად იკითხება კიდეც. კომერციულმა სტრუქტურებმა საპროცენტო განაკვეთი დოლარში გასაცემ სესხზე საკმაოდ შეამცირეს. აქედან ჩანს, რომ ბანკები რეგულაციების მოლოდინში არიან და ცდილობენ, მეტი და მეტი სესხის გაცემა მოასწრონ უცხოურ ვალუტაში.

საბანკო სფეროს ექსპერტ ლია ელიავას განცხადებით, მთავრობა ბანკებს ვერაფერს აუკრძალავს. ეს უნდა გააკეთოს ეროვნულმა ბანკმა, მაგრამ პირდაპირი აკრძალვაც კარგ შედეგს ვერ მოიტანს.

"ამ ეტაპზე ბანკებს არ აქვთ იმ რაოდენობის ლარი, რომ ბაზრის მოთხოვნა დააკმაყოფილონ. დოლარიზაციასთან ბრძოლა ასე არ ხდენა, ის მოითხოვს განსხვავებული მეთოდის გამოყენებას, ასე პრობლემას ვერ/არ მოაგვარებენ, მიიღებენ მეორე ბანკ "კაპიტალს", რომელსაც ახლა გაუუქმეს ლიცენზია. კურსზე საუბარი ჯერ რთულია, რადგან მთავრობას სამოქმედო პროგრამა არ გამოუქვეყნებია", - აცხადებს ელიავა.

რაც შეეხება მოკლევადიან პერიოდს, ექსპერტები მთავრობას ურჩევენ, მოხდეს არა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, არამედ განახევრება, რისი რესურსიც დღეისათვის არსებობს.

"უნდა შემცირდეს კი არა, უნდა განახევრდეს ადმინისტრაციული ხარჯი. ამას დისკუსია და დეკლარირება არ უნდა. რეალურად დავიწყოთ საქმის კეთება. თუ სერიოზული და ნორმალური გეგმა არის, ცუდი არ იქნება, რომ დედოლარიზაციის გზით ვიაროთ. ამას დრო უნდა, ადამიანების მენტალობის შეცვლა და ა. შ.", - აცხადებს ექსპერტი დავით წიქარიძე.

სავალუტო ოპერაციების სპეციალისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი ამბობს, რომ დოლარში სესხის აკრძალვა არ არის სწორი ნაბიჯი, რადგან ეს უკვე ბანკების საქმიანობაში ადმინისტრაციული ჩარევაა.

"დოლარიზაციის შემცირება უნდა მოხდეს საბაზრო მექანიზმებით. მთავრობამ ლარს საგადამხდელო ფუნქცია უნდა დაუბრუნოს, რაც მას ჯერჯერობით მხოლოდ კანონით აქვს მინიჭებული. კაპიტალური აქტივების, უძრავ-მოძრავი ქონების, საპრივატიზაციო ობიექტების რეალიზაცია უნდა ხდებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ლარში. ეს უნდა იყოს მთავრობის მიზანმიმართული სტრატეგია, მკვეთრი ნაბიჯების გარეშე არაფერი შეიცვლება", - აცხადებს ვახტანგ ხომიზურაშვილი.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"