ნავთობისა და გაზის კორპორაცია მაგისტრალური გაზსადენის “წითელი ხიდი-გარდაბნის“ მონაკვეთს აშენებს

სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ (სნგკ) აღმოსავლეთ-დასავლეთის მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის “წითელი ხიდი-გარდაბნის“ მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო.

როგორც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იუწყება, ახალი გაზსადენის სიგრძე 19 კმ-ია, ხოლო მილის დიამეტრი 700 მმ. გაზსადენის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “კომფორტმშენ XXI“. დღეისთვის სამუშაოების 35%-ზე მეტი შესრულებულია. პროექტის ღირებულება შეადგენს 3 482 298 ლარს დღგ-ს გარეშე.

„წითელი ხიდი-გარდაბნის“ პროექტის განხორციელებით სნგკ მთლიანად დაასრულებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „წითელი ხიდი-საგურამოს“ 90 კმ სიგრძისა და 700 მმ დიამეტრის ახალი მონაკვეთების მშენებლობას. აღნიშნული მონაკვეთები ჩაანაცვლებენ არსებულ კოროზირებულ და სხვაგვარად დაზიანებულ მაგისტრალურ გაზსადენებს, რომელთაგან ზოგიერთი ჯერ კიდევ 1959 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. ყოველივე ზემოაღნიშნული უზრუნველყოფს აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრიდან აზერბაიჯანული გაზის შეუფერხებლად და გაზრდილი მოცულობებით მიწოდებას საქართველოს ყველა მომხმარებლისათვის, პირველ რიგში კი - თბილისისთვის და ასევე, გარდაბანში მდებარე თბოელექტროსადგურებისათვის.