"თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი 47 მლნ 655 500 ლარით მცირდება, მათ შორის, სოციალური დაცვის თანხები 29 მლნ ლარზე მეტით"

თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი 47 მილიონ 655 500 ლარით მცირდება, მათ შორის, სოციალური დაცვის თანხები 29 მილიონ ლარზე მეტით , - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-თბილისის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ლარის გაუფასურების ფონზე, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით მცირდება სოციალური დაცვისთვის განკუთვნილი თანხები, კერძოდ, კომუნალური ვაუჩერით დაფინანსება, ავარიული კორპუსების გამაგრებისთვის თანხები, ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტების ხარჯები, რომელთა განხორციელებაც თბილისის მოსახლეობისათვის აუცილებელია.

ირაკლი ნადირაძემ ის პროგრამები და პროექტები დაასახელა, სადაც 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის თანხები შემცირებულია. კერძოდ, მისივე თქმით, საინჟინრო ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა მცირდება 2 მილიონ 569 000 ლარით, ამ მიზნით 24 000 000 ლარი იქნება გათვალისწინებული. ავარიული შენობების გამაგრება და ბინათმშენებლობა შემცირდება 2 მილიონ 752 000 ლარით და გამოყოფილი იქნება 20 მილიონი ლარი. გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია მცირდება მილიონ 279 000 ლარით, ბიუჯეტის პროექტით ამ მიზნით გათვალისწინებულია 21 მილიონ 234 000 ლარი; ქალაქის განვითარების ხელშეწყობა შემცირდა 18 მილიონ 560 000 ლარით, პროექტის მოცულობა შეადგენს 27 მილიონ 364 400 ლარს. დასუფთავების ღონისძიებები მცირდება დაახლოებით 9 მილიონი ლარით და იქნება 51 მილიონი ლარით დაფინანსებული, ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა მცირდება მილიონ 177 000 ლარით და პროექტის მოცულობა იქნება 3 მილიონ 260 000 ლარი. სოციალური დაცვის პროგრამები მცირდება 29 მილიონ 349 000 ლარით და შეადგენს 138 497 000 ლარს.

ირაკლი ნადირაძის განცხადებით, სოციალური დაცვის პროგრამებში მცირდება კომუნალური სუბსიდირება დაახლოებით 15 მილიონ ლარამდე და ამ პროექტის მოცულობა 12 მილიონ 200 000 ლარით იქნება განსაზღვრული. სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების ღონისძიებები 7 მილიონ 300 000 ლარით მცირდება და გახდება 7 მილიონ 500 000. ომის ვეტერანების დახმარება 266 000 ლარით მცირდება და საერთო მოცულობა იქნება 229 ათასი ლარი, სამგზავრო გადაყვანისათვის და შეღავათიანი ტარიფებით მოსარგებლე პირთა მომსახურება მცირდება 6 მილიონი ლარით და გახდება 60 მილიონ ლარზე მეტი. სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებები რაიონებში ასევე შემცირდება დაახლოებით 3 მილიონ 700 000 ლარით და პროექტის მოცულობა გახდება 18 მილიონ 307 000 ლარი.

ასევე მცირდება „სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობა ღირსეული დასაქმებისთვის“ პროგრამა, სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა, კულტურის ღონისძიებები, მწვრთნელთა მხარდაჭერის პროექტი და სხვა.

ირაკლი ნადირაძის განცხადებით, სანაცვლოდ იზრდება მერიის შტატები 12 კაცით (სულ მერიის სამსახურებში 5743 ადამიანი იქნება დასაქმებული) და რეკლამირებისათვის თანხები 2 მილიონ 575 000 ლარით.

ირაკლი ნადირაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოში ბიუჯეტის ამ პროექტს მხარს არ დაუჭერს.

თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 800 270 000 ლარია. წლევანდელი წლის ბიუჯეტი კი, 847 926 000 ლარს შეადგენდა.

დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი თბილისის საკრებულოს გუშინ გვიან საღამოს გადაუგზავნა. საკრებულოს ფრაქციებსა და კომისიებში განხილვის შემდეგ პროექტი წლის ბოლომდე თბილისის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდება.