თბილისში ავარიული კორპუსებისა და სახლების გამაგრებისთვის გამოყოფილი თანხა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით 21 მილიონი ლარით მცირდება. ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა დღეს საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ალეკო ელისაშვილის თქმით, თბილისში სულ 2 ათასი ავარიული კორპუსი და 12 ათასი სახლია.
2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი, ავარიული სახლებისა და კორპუსების შეკეთების სამუშაოები 21 მილიონი ლარით მცირდება. ელისაშვილმა განაცხადა, რომ მერია აღნიშნული თანხით მხოლოდ 40-45 ავარიული კორპუსის გამაგრებას უზრუნველყოფს.
ელისაშვილის თქმით, თბილისის მერიას ამ დრომდე უნდა გაეკეთებინა ავარიული სახლების პრობლემის მოსაგვარებლად ათწლიანი გეგმა. საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ამ პრობლემის მოგვარებას დეველოპერების წახალისებაში ხედავს იმ ტერიტორიებზე, სადაც ავარიული სახლებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ელისაშვილი აცხადებს, რომ მერიის ტემპებით ავარიული სახლების გამაგრებას ათობით წლები დასჭირდება.