ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ხორცპროდუქტების საწარმო შენდება

სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, შპს „ლიდერფუდი“ წარმოების გაფართოებას შეძლებს და 2017 წლის მარტში ქართულ ბაზარს ახალი, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ხორცპროდუქტების მწარმოებელი საწარმო შეემატება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან, საწარმო რომლის მშენებლობაც ამჟამად მიმდინარეობს, აღჭურვილი იქნება თანამედროვე საწარმოო დანადგარებით და მაღალ-ტექნოლოგიური შიდა ლაბორატორიით, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში მოხდება პროდუქტის ხარისხის შემოწმება და განვითარება. მათივე ინფორმაციით, კომპანია სურსათის უვნებლობის, მენეჯმენტის სისტემების შემუშავებასა და დანერგვას იწყებს, რაც საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების, კერძოდ: FSSC 22000:2005 მიღებას გულისხმობს, რომელიც  ISO 22000, ISO 22002.1, ISO 9001 სერტიფიკატებს აერთიანებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიაში ამჟამად 400-მდე ადამიანია დასაქმებული. სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დასაქმებულთა რიცხვი 700 ადამიანამდე გაიზრდება. მათივე ინფორმაციით, საწარმო, რომელიც მცხეთაში ეკოლოგიურად სუფთა გარემოში შენდება, ქვეყნის რეგიონალურ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

შპს „ლიდერფუდი“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით, სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს, ხოლო აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 5 000 000 დოლარს შეადგენს.

2014 წლის ივნისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებენ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ ახალ სამთავრობო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, რომლის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, ამასთანავე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა. შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ხდება ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე