სურსათის უვნებლობისა და ცხოველთა ჯანმრთელობის სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით პროექტი განხორციელდება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და გაერო-ს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ ხელი მოაწერეს ოთხწლიან ჩარჩო ხელშეკრულებას , რომელიც სოფლის მეურნეობის დარგის ინსტიტუციურ, რეგიონულ და სექტორულ განვითარებას ითვალისწინებს.

გაერო-ს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოს 2016-2020 წლების ჩარჩო ხელშეკრულება მოიცავს ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარება, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირების ხელშეწყობა, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული მომსახურებისა და მცენარეთა დაცვის გაუმჯობესება.

ხელშეკრულება სხვადასხვა სამინისტროსა და სამთავრობო უწყებასთან კონსულტაციების შედეგად მომზადდა.

„ჩვენ მოუთმენლად ველოდებით საქართველოს მთავრობასთან და ხალხთან ერთად მუშაობას. რათა დავეხმაროთ ქვეყანას, მიაღწიოს გაერო-ს განვითარების მიზნებს და შეასრულოს ევროკავშირთან ინტეგრაციის მოთხოვნები“, - განაცხადა გაერო-ს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ.

დღესვე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ საქართველოში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულ დირექტორ ოლივიე ბურკისთან ერთად ხელი მოაწერეს პროექტს, რომელიც საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა იდენტიფიკაციის რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს.

ხელმოწერის ღონისძიებას ესწრებოდა პროექტის თანადამფინანსებელი, ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი.

„ქვეყანაში სურსათის უვნებლობის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კეთილსაიმედობის უზრუნველყოფა DCFTA-ით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი მოთხოვნებია, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა, შესაბამისად, ევროკავშირის სტანდარტების ცხოველთა იდენტიფიკაციის და აღრიცხვის სისტემის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს როგორც ქვეყანაში ეპიზოოტიურ კეთილსაიმედოობის, მიკვლევადობის უზრუნველყოფას და მეცხოველეობის დარგის განვითარებას. ასევე ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობისა და ცხოველთა ჯანმრთელობის სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით ოთხწლიან პროექტს განახორციელებს. პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან ევროკავშირი, ავსტრიის განვითარების სააგენტო, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო და გაერო-ს ორგანიზაციები.