უცხოური საინვესტიციო კომპანია საქართველოში 2000 ჰექტარზე პლანტაციებისა და ვენახის გაშენებას გეგმავს

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე „არიკ ჯგუფის” წარმომადგენლებს შეხვდა. საპარტნიორო ფონდის პრესსამსახურის ინფორმაციით, „არიკ ჯგუფი“ საპარტნიორო ფონთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავს და კვების ინდუსტრიის მიმართულებით ინვესტირებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

მათივე ინფორმაციით, ფონდში გამართულ შეხვედრაზე „არიკ ჯგუფის“ ხელმძღვანელებმა ფონდის მენეჯმენტს ქართული ფისტას წარმოების განვითარების გეგმა წარუდგინეს და საინვესტიციო პროექტის დეტალები გააცნეს. საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, კომპანიამ საკმაოდ დიდი მოცულობის ინვესტიცია ჩადო მეცნიერულ კვლევაში, იმისათვის რომ მიეღო ადგილობრივ კლიმატზე მორგებული ფისტას ახალი ჯიში. კვლევის შედეგად, 3 სხვადასხვა სახეობის ფისტას ჯიში გამოიყვანა, რომელიც კახეთის კლიმატს და ნიადაგურ პირობებს იდეალურად ესადაგება. პირველად ისტორიაში ირანის და ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, საქართველოს ეძლევა საშუალება გახდეს ფისტას მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანა.

„არიკ ჯგუფი“ უცხოური კაპიტალით შექმნილ საინვესტიციო კომპანიას წარმოადგენს, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანია პროექტებს სოფლის მეურნეობის, კვების ინდუსტრიის და ტურიზმის მიმართულებით ახორციელებს.

საინვესტიციო კომპანიის ყველაზე ფართომასშტაბიან პროექტს კახეთში, საგარეჯოს რაიონში, „ვინიჩიო ველის“ (Vinichio Valley) - ანუ „მწვანე“ აგრო-ტურისტული ცენტრის განვითარება წარმოადგენს. პროექტის განვითარებისას, ძირითადი აქცენტი ქართული ფისტას და ღვინის წარმოებაზე კეთდება.

შეხვედრაზე „არიკ ჯგუფის“ წარმომადგენლებმა ფონდის მენეჯმენტს ასევე გააცნეს სამომავლო გეგმები. კომპანია 2000 ჰექტარზე - 400 ჰექტარი ვენახის, 400 ჰექტარი ხილის ბაღებისა და 1000 ჰექტარი ფისტას პლანტაციის გაშენებას გეგმავს. უკვე დაწყებულია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სათბურის და ლაბორატორიის მშენებლობისთვის. კომპანია სოფლის მეურნეობის მიმართულების ნაწილის დასრულებას 2018 წლის ბოლოსათვის აპირებს. „არიკ ჯგუფი“ ტურიზმის მიმართულებითაც მუშაობს და 5-ვარსკვლავიანი 150 ტურისტული ვილის მშენებლობასაც გეგმავს, რომელიც უცხოელ და ადგილობრივ ტურისტებს უმასპინძლებს.

ფონდში გამართულ შეხვედრამდე „არიკ ჯგუფის“ მიწვევით საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით ფონდის დელეგაცია კახეთში იმყოფებოდა. ფონდის წარმომადგენლებმა უცხოური საინვესტიციო კომპანიის პროექტები ადგილზე დაათვალიერეს.