საქართველოში ჰიგიენური ქაღალდების მწარმოებელი საწარმო გაიხსნება

”პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ჰიგიენური ქაღალდების მწარმოებელი საწარმო გაიხსნება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო მხარს უჭერს „გლობალური მეწარმეობის კვირეულს“, რომლის მიზანია, მეწარმეობის პოპულარიზაცია, ახალგაზრდა თაობის მოტივაცია და სამეწარმეო საქმიანობის განვითარების კუთხით მათი მხარდაჭერა.

სწორედ აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, ხვალ ახალი, მაკულატურის და ცელულოზის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება, რომელიც ჰიგიენური ქაღალდების წარმოებასა და რეალიზაციას შეძლებს. ხვალვე აღნიშნულ კომპანიას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ესტუმრება, რომელიც მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილთან და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორ ანი კვარაცხელიასთან ერთად, დაესწრება საწარმოს გახსნის ცერემონიას, გაეცნობა სამუშაო პროცესს და დაათვალიერებს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეძენილ ტექნოლოგიასა და წარმოებულ პროდუქციას. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი და საქართველოში EBRD-ის წარმომადგენელი სევერიან ღვინეფაძე.

პროდუქცია ადგილობრივად დამზადდება და ბრენდების - „ეკო“, „ასფურცელა“ და „ეკოფეიფერი“ სახელწოდებით - მომხმარებელს მაღალ ხარისხს და კონკურენტულ ფასებს შესთავაზებს, ამასთანავე, მაღალტექნოლოგიურ საწარმოში დამზადებული პროდუქციით, შპს „ტისუპეიპერი“ წარმატებით გაუწევს კონკურენციას იმპორტიორ კომპანიებს. აღსანიშნავია, რომ კომპანია, სადაც ამჟამად 85 ადამიანია დასაქმებული, საწარმოს სრული სიმძლავრით ამუშავებისას 100-მდე ადამიანს დაასაქმებს და ყოველთვიურად 170 000 კგ. ჰიგიენურ ქაღალდის წარმოებას შეძლებს. კომპანიის სამომავლო გეგმებია, პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა და ექსპორტის წარმოება სომხეთსა და აზერბაიჯანში. შპს „ტისუპეიპერ“ თბილისში, სამგორის რაიონში, ქიზიყის ქ. #12-ში მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით. განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 11 560 000 ლარს შეადგენს.