ზესტაფონის რაიონის სოფელ კინოთის მოსახლეობა საკომუნიკაციო ანძების სოფლიდან გადატანას ითხოვს

ზესტაფონის რაიონის სოფელ კინოთის მოსახლეობა საკომუნიკაციო ანძების სოფლიდან გადატანას ითხოვს. ადგილობრივების განცხადებით, აღნიშნული პრობლემა წლებია არსებობს, რის გამოც ონკოლოგიურმა დაავადებებმა იმატა. მათივე თქმით, პრობლემის მოგვარების მიზნით არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა, უშედეგოდ, რის გამოც დახმარებას ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვენ.

როგორც  სოფელ კინოთის მკვიდრი სულხან ჯანიაშვილმა აცხადებს, მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სოფლის მოსახლეობა პერმანენტულ აქციებს გამართავს. ”უკვე რამდენიმე წელია სოფელში გადამცემი ანძები დააყენეს და ახალგაზრდებში მომრავლდა ონკოლოგიური დაავადებები. ვითხოვთ ამ ანძების გადატანას დასახლებული პუნქტიდან მოშორებით. რამდენიმედღიანმა პროტესტმა ის შედეგი გამოიღო, რომ მათი სამუშაოების შეჩერება სამი დღით მოვახერხეთ. ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე მივმართეთ, თუმცა, უშედეგოდ. როგორც გვეუბნებიან, მათ პრობლემის მოგვარება არ შეუძლიათ. ხელისუფლებისგან ვითხოვთ დროულ რეაგირებას, რადგან შეიძლება ამას დაპირისპირება მოჰყვეს”, - განაცხადა სულხან ჯანიაშვილმა.