დაზარალებული მეანაბრე „ტერაბანკის“ წინააღმდეგ პერმანენტულ აქციებს იწყებს

სს „ტერაბანკის“დაზარალებული მეანაბრე ბანკის წინააღმდეგ პერმანენტულ აქციებს იწყებს, მის მიერ თაღლითური სქემის მეშვეობით მითვისებული თანხის სრულად დაბრუნებამდე.

როგორც იურიდიული ფირმა „ბი ელ ბი“-ში („ბიზნეს ლიგალ ბიურო“) განაცხადეს, სს „ტერაბანკის“ (წარსულში „კორ სტანდარტ ბანკი“; „ქეი-ეს-ბი ბანკი“) მიერ დაზარალებულის საჩივრის საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2016 წლის 6 ოქტომბერს ბრალი წარუდგინა „ტერაბანკის“ ერთ-ერთი ფილიალის მმართველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით (კრედიტის უკანონოდ მიღება), 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება). ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. „როგორც პროკურატურის განცხადებაშია მითითებული, გამოძიებით დადგინდა, რომ ბანკის ერთ-ერთი ფილიალის მმართველისათვის, რამდენადაც მას წვდომა ჰქონდა ბანკის დეპოზიტართა მონაცემებთან, ცნობილი გახდა, რომ დაზარალებულის მიერ ამავე ბანკში დეპოზიტზე განთავსდა მნიშნველოვანი თანხა. აქედან გამომდინარე, ბრალდებულმა მეანაბრის დეპოზიტზე არსებული თანხის უზრუნველყოფით გასცა უკანონო სესხები მისი ოჯახის წევრებზე და მეგობრებზე და 1 წლის თავზე ამავე ანაბრით დაფარა მის ნათესავებზე გაცემული სესხები. ამ პროცესში, მან დაამზადა არაერთი ყალბი დოკუმენტაცია, რომელთა გამოყენებითაც განახორციელა ზემოთაღნიშნული დანაშაულებრივი სქემა“, - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე თქმით, „ტერაბანკში“ განხორციელებულ დანაშაულებრივ სქემასთან დაკავშირებით მეანაბრის ინტერესების დამცველმა მათმა იურიდიულმა კომპანიამ, „ბიზნეს ლიგალ ბიურომ“ ჩაატარა პრესკონფერენცია ჯერ კიდევ 2016 წლის ივნისში და ისაუბრა „ტერბანკის“ თანამშრომელთა მოსალოდნელი ბრალდებების შესახებ. დაზარალებულის იურისტები მიიჩნევენ, რომ ბრალდებულთან ერთად კონკრეტულ საქმეზე უნდა დადგეს ასევე „ტერაბანკის“, როგორც იურიდიული პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინაიდან ბრალდებაში მითითებული დანაშაულებები ჩადენილია „ტერაბანკში“, „ტერაბანკის“ პასუხისმგებელი თანამშრომლის მიერ, „ტერაბანკის“ სახელით, „ტერაბანკის“ მეშვეობით და „ტერაბანკის“ სასარგებლოდ.

„მეანაბრეს უკვე რამდენიმე თვეა, რაც წარდგენილი აქვს სამოქალაქო სარჩელი „ტერაბანკის“ წინააღმდეგ მითვისებული თანხის დაბრუნებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა სასამართლო განხილვა დღემდე არ დაწყებულა, მიუხედავად დაზარალებულის არაერთი მიმართვისა და თხოვნისა სასამართლოსადმი. ამავდროულად, „ტერაბანკი“ განაგრძობს მეანაბრის უფლებების სრულ იგნორირებას და არ უბრუნებს მეანაბრეს მის კუთვნილ ანაბარს. ამიტომ, „ტერაბანკის“ მიერ დაზარალებულმა ოჯახმა მიმართა პროტესტის ფორმას, კერძოდ, აქცია-მანიფესტაციებს ბანკის სათავო და სხვადასხვა ოფისებთან, ანაბრის დაბრუნების მოთხოვნით. დაზარალებულების პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ბანკი არ მოეკიდება პასუხისმგებლობით მის მიერ დაზარალებული მეანაბრის მოთხოვნებს და არ დააბრუნებს ანაბარზე განთავსებულ თანხას სრულად“, - აცხადებენ იურიდიულ კომპანიაში.