სექტემბერში თბილისში უძრავი ქონების გაყიდვის ფასის ინდექსი 1,4%-ით გაიზარდა

თბილისის უძრავი ქონების ბაზარი ზრდას განაგრძობს.

ISET-ისა და თიბისი ბანკის ერთობლივი კვლევის თანახმად, 2016 წლის სექტემბერში გაყიდვების საერთო მაჩვენებელი 3331 ერთეულამდე გაიზარდა, რაც თვიურ მაჩვენებელში რეკორდია.

„უძრავი ქონების ბაზარმა ზრდა ივლისშიც განიცადა, რასაც აგვისტოში უმნიშვნელო შემცირება მოჰყვა“, - ნათქვამია კვლევაში.

კვლევის თანახმად, 2016 წლის ივლის-სექტემბერში ასევე გაიზარდა უძრავი ქონების გაყიდვების ფასისა და რეალური ფასის ინდექსები.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, სექტემბერში წინა თვესთან შედარებით, 1,4%-ით გაიზარდა გაყიდვების ფასის ინდექსი, თუმცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,4%-ით შემცირდა.

სექტემბერში თბილისში იჯარის ფასის ინდექსი, გასულ თვესთან შედარებით, 0,01%-ით გაიზარდა, ხოლო გასული წლის სექტემბერთან შედარებით 15,6%-ით შემცირდა.