საქართველოს საბანკო სექტორში ფული თეთრდება

საქართველოს საბანკო სექტორში ფულის გათეთრების ნიშნები აშკარაა. ჯერჯერობით სახეზეა ერთი ფაქტი, რომელიც "კაპიტალ ბანკის" საქმიანობას ეხება და მისთვის ლიცენზიის გაუქმების მიზეზი გახდა. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, საქართველოში არალეგალური ფულის მოძრაობა მხოლოდ "კაპიტალ ბანკით" არ შემოიფარგლება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ფულის გათეთრების და სხვა უკანონო მაქინაციებში შეიძლება, სწორედ ამ ტიპის ბანკები იყვნენ ჩართული. ისინი ძალიან პასიურები არიან, არ ემსახურებიან ხალხს და, ძირითადად, ფულის გატარებით არიან დაკავებული.

საქართველოში რამდენიმე წვრილი ბანკია, რომლებსაც არ აინტერესებთ ეკონომიკური საქმიანობა და მხოლოდ თავისი მფლობელების კერძო ინტერესებს ემსახურებიან. ბაზარზე მათი საქმიანობა ზოგიერთ სპეციალისტს ეჭვს უღვივებს.

"კაპიტალ ბანკთან" დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა უკვე გააკეთა განმარტება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბანკის შემოწმების პროცესში გამოვლინდა "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღმკვეთი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის დადგენილებების, წესებისა და ინსტრუქციების, საერთაშორისო საბანკო ნორმებისა და რჩვევების დარღვევის ფაქტები."

მსგავს ფინანსურ მაქინაციებში მხილებული იყო "კაპიტალ ბანკის" წინამორბედი - "ინვესტ ბანკი", რომელმაც შემდეგში რებრენდიგი განახორციელა და მოიპოვა სრული საბანკო მომსახურების განხორციელების უფლება.

სპეციალისტების უმრავლესობა ეჭვობს, რომ ფულად მაქინაციებში, შესაძლოა, მონაწილეობდნენ სხვა მცირე ბანკებიც, ძირითადად, ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიები, რომელთა შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია არ გააჩნია.

"ახალი ეკონომიკური სკოლის" პრეზიდენტი პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ ფულის გათეთრება ბანკების გვერდის ავლითაც შესაძლებელია, თუმცა თითოეული გამოვლენილი ფაქტი კრიმინალია და უნდა მიეცეს სათანადო კვალიფიკაცია. საბოლოო ჯამში, გაცილებით მკაცრი ზომებია მისაღები, ვიდრე მხოლოდ ლიცენზიის გაუქმებაა.

"დღესდღეობით ყველა ბანკი არის ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ. ამიტომ პასუხისმგებლობაც სებ-ს ეკისრება. გამოდის, რომ ფულის გათეთრების ფაქტი გამორჩათ ან ვერ დაინახეს. დიდი ალბათობით, ეს საფრთხე სხვაგანაც იკვეთება, რადგან ფულის გათეთრება ბანკის გვერდის ავლითაც არის შესაძლებელი. ათასნაირი მაქინაცია ხდება. თუ კრძალავს სხვა და ჩვენ ვუშვებთ მას, მთლად ჯანსაღად არ უნდა ვიყოთ.

გარდა ამისა, თუ ბანკი ატარებდა არალეგალურ ფულს, ეს კრიმინალია და რატომ არ არის დამნაშავე დაკავებული? ლიცენზიის გაუქმება საკმარისი ღონისძიება არ არის", - აცხადებს შეშელიძე და დასძენს, რომ საბანკო სექტორში უნდა მოხდეს გადახალისება, რათა ქვეყანაში დაინერგოს თანამედროვე მექანიზმი, სადაც ბანკების საქმიანობა დეპოზიტების მიღებით შემოიფარგლება.

"საბანკო ლიცენზიის გამკაცრების შესახებ გატარებული ზომა არასწორად მიმაჩნია, პირიქით, ლიცენზია უნდა გამარტივდეს. ბაზარზე სულ 5 ბანკია პრივილეგირებულ მდგომარეობაში და ლამის ქვეყანა გადაყლაპონ. თანამედროვე სისტემა ითხოვს, რომ შეიცვალოს ეს დამოკიდებულება. მსოფლიო ელექტრონულ ფულზე გადადის და თანამედროვეობის მოთხოვნებს ჩვენც უნდა ავუწყოთ ფეხი.

ბანკებს უნდა დავემშვიდობოთ. მსოფლიოში ახალი ტექნოლოგიები და მოდელია, სადაც საბანკო სექტორი არ არის პრივილეგირებული და მას მხოლოდ დეპოზიტების მიღების ერთადერთი გამორჩეული უფლება აქვს. დროა, საბანკო სექტორი საქართველოშიც გადახალისეს", - აცხადებს შეშელიძე.

სპეციალისტების აზრით, აუცილებლად გადასახედია იმ კომერციული ბანკების საქმიანობა, რომლებიც სისტემატურად განიცდიან ზარალს, არ მუშაობენ მოსახლეობის მოზიდვაზე, დაკრედიტებაზე და გააჩნიათ მხოლოდ მიმდინარე ანგარიშები.

როგორც ექსპერტი ლია ელიავა განმარტავს, "კაპიტალ ბანკს", დაახლოებით, 70 მლნ დოლარი ჰქონდა უცხოურ ანგარიშებზე განთავსებული, ეროვნულ ვალუტაში - 15 მლნ ლარი, ხოლო საკრედიტო საქმიანობა წლიდან წლამდე უმცირდებოდა. იგი, ფაქტობრივად, ფულადი გადარიცხვებით იყო დაკავებული.

"როცა ბანკი რამდენიმე წლის განმავლობაში სისტემატურად ზარალს აჩვენებს, სებ-მა თავის დროზე უნდა მიიღოს ზომა და აღკვეთოს მისი უცნაური საქმიანობა. ვფიქრობ, ეროვნულმა ბანკმა "კაპიტალ ბანკთან" დაკავშირებით ცოტა გვიან გამოიფხიკა ყურები.

რაც შეეხება ფულის გათეთრებას, გეტყვით, რომ სებ-ი, მიუხედავად იმისა, რომ გააჩნია ფულის გათეთრების წინააღმდეგ სტრუქტურა, ამ მიმართულებით არაფერს აკეთებს. ჩვენ არ ვიცით არც ერთი საქმე, რომ გამოევლინათ ფულის გათეთრება ან რამე სახის უკანონო ოპერაცია ბანკის მხრიდან. შესაბამისად, ამ მიმართულებით სებ-ს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი.

დიდი კვლევა-ძიება საჭირო არ არის, ისედაც ცხადია, რომელია ასეთი ბანკები ქვეყანაში. ეროვნულმა ბანკმა უნდა გაააქტიუროს მუშაობა, რომ საქართველოს ბაზარი "ჯიბის ბანკებისაგან" გაასუფთაოს", - განმარტავს ელიავა.

მისი აზრით, სებ-ი დიდი ყურადღებით უნდა ეკიდებოდეს საბანკო ლიცენზიების გაცემის საქმეს. კერძოდ, არ უნდა გაიცემოდეს საბანკო ლიცენზია გაურკვეველი წარმოშობის ბიზნესმენზე, რომელსაც ოფშორებში აქვს ფული გადანახული და ჩვენს ქვეყანაში საბანკო ბიზნესს გაურკვეველი წარმომავლობის ფულით ყიდულობს.

"სებ-ი ყურადღებით თუ მოახდენს ლიცენზირების საკითხზე კონცენტრირებას, შესაბამისად, არ წარმოიშვება ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული პრობლემა და არც ბანკის ფინანსურ სტაბილურობას შეექმნება საფრთხე. გამოდის, რომ ეროვნული ბანკი ახლა თავის მიერ დაშვებულ შეცდომას ასწორებს.

ეკონომიკურად ჩამორჩენილ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, ყოველთვის დიდია ალბათობა, რომ "ფული ირეცხებოდეს". სამწუხაროდ, რამდენიმე ბანკი ახლაც არის საქართველოში, რომლის მფლობელი უცნობია, შესაბამისად, მისი საქმიანობაც საეჭვოა. ეს არანორმალური მოვლენაა, სებ-ის საზედამხედველო პოლიტიკის ძალიან დიდი ნაკლი, რომელიც სასწრაფოდ გამოსასწორებელია", - აცხადებს ელიავა.

განსხვავებული მოსაზრებისაა ექსპერტი მიხეილ თოქმაზიშვილი, რომელსაც მიაჩნია, რომ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით მოკვლევას სებ-ი არ უნდა ახორციელებდეს, რადგან ამ ფუნქციით რეალურად სხვა სტრუქტურაა აღჭურვილი.

"არა მარტო ბანკები, ზოგჯერ ფიზიკური პირებიც არიან გადამრიცხავები და შუამავლები იმ თანხისა, რომელიც შემდეგში შეიძლება ფულის გათეთრებას მოემსახუროს. ამისთვის შესაბამისი ინსტიტუტი არსებობს, რომელიც ფულის გათეთრების საქმეს იკვლევს. ეს იმდენად სპეციფიკური საკითხია, რომ აქ რაიმე კომენტარი გააკეთო, ძნელია.

სპეციალური მოკვლევისა და ფაქტის დადასტურების გარეშე ფულის გათეთრებაზე საუბარი უხერხულია. სებ-ის ფუნქცია არ არის გამოძიება. შესაძლოა, ფული გადაირიცხა, მაგრამ ემსახურებოდა თუ არა იგი ფულის გათეთრებას, ასეთი ინფორმაცია ეროვნულ ბანკს არ უნდა ჰქონდეს", - აღნიშნა მიხეილ თოქმაზიშვილმა.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"