ბიზნესს ლარში დაფინანსების მიღების ახალი შესაძლებლობა გაუჩნდა

220 მილიონი ლარის ოდენობის დაფინანსება შეღავათიანი კრედიტების სახით მცირე და საშუალო ბიზნესსაქმიანობებს ელოდება. დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება მიეცემათ, ეროვნულ ვალუტაში აიღონ 5-წლიანი სესხი, 2-წლიანი საშეღავათო პერიოდით. მომხმარებელს ამ შესაძლებლობას „საქართველოს ბანკი“ აძლევს, რომელმაც დაფინანსება „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან“ (EBRD) SME Local Currency Programmes-ს ფარგლებში მიიღო.

„საქართველოს ბანკის „ევროპული ბიზნესსესხი“ ლარის გრძელვადიანი ფინანსური რესურსია, რაც საქართველოში არსებულ ბიზნესს, ასევე ქალ მეწარმეებს საშუალებას მისცემს, გააფართოვონ და განვითარონ თავიანთი ბიზნესი. ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს, მიღებული თანხიდან 15%-ის უკან დაბრუნების შესაძლებლობა აქვთ (ე.წ cachback-ის სახით). სესხის ოდენობა კი 250 000-დან 7 500 000 ლარამდე (ეკვ. აშშ დოლარი/ევრო) განისაზღვრება,“ - განაცხადეს „საქართველოს ბანკში“.

EBRD-ის წარმომადგენელი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერა ამბობს, რომ შეღავათიანი კრედიტები მიმართული იქნება იმ მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისკენ, რომლებიც ევროპაში პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავენ. „ქეშბექის“ სახით მიღებული სესხის მოცულობის 15 პროცენტს ევროკავშირი უზრუნველყოფს.

“მცირე და საშუალო ბიზნესები მტკივნეულად აღიქვამენ ვალუტის კურსის ცვლილებას და სწორედ ამიტომ არის მნიშნელოვანი დაფინანსების ადგილობრვ ვალუტაში მიღების შესაძლებლობა. თანხის რეალური საპროცენტი განაკვეთითა და მართვადი რისკებით მიღება ბიზნესის ზრდას დიდად უწყობს ხელს,“ - აღნიშნა ბრუნო ბალვანერამ.

ადგილობრივ ბიზნესს „ევროპული ბიზნესსესხი“ დაეხმარება განავითარონ თავიანთი საქმიანობა. შეიძინონ ბიზნესისთვის საჭირო სხვადასხვა აქტივი − სავაჭრო და საწარმოო მანქანა-დანადგარები, სამშენებლო ტექნიკა, სამედიცინო და ესთეტიკური ცენტრის, სასტუმროს, რესტორნისა თუ საცხობის აღჭურვილობა, განაახლონ კომპანიის ავტოპარკი, გაარემონტონ ან აღადგინონ შენობა-ნაგებობა. ბიზნესმენებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ უფასოდ საერთაშორისო ექსპერტების საკონსულტაციო მომსახურებით.

სესხის პირობები ხელსაყრელია მცირე თუ საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დაფინანსება ხდება ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის თქმით, ქვეყნის ეკონომიკისთვის ლარში არსებული საკრედიტო რესურსის გაჩენა მნიშვნელოვანი სიახლეა.

„EBRD პირველი იყო საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებს შორის, ვინც ქართულ ბიზნესს დაფინანსების ლარში მიღების შესაძლებლობა მისცა. ჩვენ მივესალმებით ამ ინიციატივას, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკის დედოლარიზაციისთვის. ლარის საფინანსო ბაზრების განვითარება და ლარის სესხების ხელმისაწვდომობის ზრდა დედოლარიზაციის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია,“ - განაცხადა გვენეტაძემ.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე ლარში სესხების გაცემის სტიმულირებას მაკრო და მიკრო დონეზე განიხილავს.

“მაკროდონეზე სესხების ლარში გაცემის ხელშეწყობა გამოიწვევს დოლარიზაციის დონის შემცირებას. შედეგად, ცენტრალური ბანკის მექანიზმი, მოახდინოს გავლენა ეკონომიკურ პროცესებზე, უფრო ქმედითი გახდება. კერძოდ, ეროვნული ბანკი საპროცენტო განაკვეთის მართვით გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, განაკვეთის დაწევით ახალისებს ეკონომიკურ ზრდას და პირიქით. მაგრამ, როდესაც სესხების 70% უცხოურ ვალუტაშია, ეროვნული ბანკის ეს ფუნქცია შეზღუდულია, რადგან ის გავლენას ახდენს ლარის საპროცენტო განაკვეთზე და არა უცხოური ვალუტის,” - განმარტა ჭიჭინაძემ.

„მიკროდონეზე გავლენა უკვე რიგით მსესხებლებზეც ექნება. უცხოურ ვალუტაში სესხის აღების რისკები ძალიან კარგად გამოჩნდა ლარის გაუფასურების შემდეგ. სავალუტო ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოში მსესხებლების 90%-ს შემოსავალი აქვს ლარში და სესხი კი - უცხოურ ვალუტაში. შედეგად, ნებისმიერი სავალუტო რყევა ნეგატიურად აისახება მომხმარებლებზე. ამას მოწმობს ეროვნული ბანკის სტატისტიკაც. ლარის გაუფასურების პირველ ტალღამდე, ანუ 2014 წლის მე-4 კვარტლამდე შინამეურნეობების მთლიანი ვალი მათი განკარგვადი შემოსავლების 135% იყო. 2016 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით კი 181%-ია. ამ პერიოდში ლარში შემოსავლები კი გაიზარდა, მაგრამ უცხოურ ვალუტაში არსებული ვალდებულებები კურსის ცვლილების გამო იმდენად გაიზარდა, რომ თანაფარდობა 135%-დან 181%-ზე ავიდა. გარდა ამისა, სავალუტო ფონდის ერთ-ერთი რეკომენდაციაცაა, რომ შეიზღუდოს არაჰეჯირებული სესხების გაცემა, რათა მომხმარებელი დაცული იყოს სავალუტო რისკისგან,“ - დაამატა ჭიჭნაძემ.

პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ ვალუტაში სესხის გაცემის გარდა, EBRD-მა და „საქართველოს ბანკმა“ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ქალ მეწარმეებს დაეხმარება.

„საქართველოში ქალი ბიზნესმენებისთვის კრედიტზე ხელმისაწვდომობა დაბალია. ისინი ბიზნესის მართვისას კრედიტის მიღების დროს აწყდებიან პრობლემებს. ევროკავშირის დახმარებით გამოიყო $10 მილიონის ეკვივალენტი თანხა ლარში, რომელიც ქალი მეწარმეების დასაფინანსებლად იქნება მიმართული", - თქვა ბრუნო ბალვანერამ.

ნანა მღებრიშვილი