წლის განმავლობაში რუსეთში ყოველი მესამე ქრთამს იძლეოდა

ეკონომიკური სიტუაციისა და ჯანდაცვის მდგომარეობის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებისთვის კორუფცია ქვეყანაში არსებული მთავარი პრობლემაა.

ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშში „მსოფლიო კორუფციის ბარომეტრი - 2016“ არის ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, წლის განმავლობაში რუსეთში ყოველი მესამე ქრთამს იძლეოდა.

"რუსი რესპონდენტებისთვის კორუფცია უფრო მნიშვნელოვანი თემაა, ვიდრე განათლება, უმუშევრობა და კრიმინალი. რუსეთის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კორუფცია დაასახელა გამოკითხვაში მონაწილე რესპონდენტთა 39%-მა, ეკონომიკური პრობლემების მნიშვნელობაზე განაცხადა რესპონდენტთა 61%-მა, ხოლო ჯანდაცვის შესახებ რესპონდენტთა 56%-მა", - ნათქვამია ანგარიშში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა რუსეთის“ გენერალური დირექტორის ანტონ პომინოვის თქმით, როგორც ჩანს, რუსეთის მოქალაქეები თვლიან, რომ ცუდი განათლება და უმუშევრობა ზუსტადაც რომ კორუფციის შედეგია, ამიტომაც თვლიან აღნიშნულს უფრო მნიშვნელოვნად.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევის თანახმად, რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე უფრო ხშირად არიან იძულებული გადაიხადონ ქრთამი დაწყებითი და საშუალო განათლებაზე წვდომის მისაღებად.

რუსეთში გამოკითხულ რესპონდენტთა 29%-ისა და უკრაინაში გამოკითხულთა 38%-ის თქმით, ბოლო 12 თვის განმავლობაში ქრთამი გადაიხადეს სკოლის განათლებაზე წვდომის მისაღებად.

საერთო ჯამში, ანგარიშის თანახმად, რუსეთის მოქალაქეების 34%-ს სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით ქრთამი აქვთ გადახდილი.