„ცენტრ-პოინტისგან” დაზარალებულმა პირებმა სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს

„ცენტრ-პოინტისგან” დაზარალებულმა პირებმა სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. როგორც დაზარალებულები აცხადებენ, რჩეულიშვილები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ პროცესი გაჭიანურდეს და საქმეზე შესაბამისი გადაწყვეტილება დროულად არ იქნას მიღებული.

ბრალდებულ გუკა რჩეულიშვილის ადვოკატის მოთხოვნას, რომ მომდევნო პროცესი დეკემბერში გამართულიყო, “ცენტრ-პოინტისგან” დაზარალებულების პროტესტი და შესაბამისად, დარბაზის დატოვება მოჰყვა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც ბათუმის “მაგნოლიას” ეპიზოდს შეეხებოდა, ბრალდებულ ირაკლი მინდელის ადვოკატებმა შუამდგომლობა დააყენეს ერთი მტკიცებულების დასაშვებობასთან დაკავშირებით. საქმე ეხება ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც “ცენტრ-პოინტის” ერთ-ერთ ობიექტზე საცხოვრებელი სახლის ღირებულებაა შეფასებული. დაცვის მხარის აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე მოსამართლე მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მომდევნო სხდომა 21 ნოემბერს გაიმართება.