ნაცემი მუშები ჩინური კომპანიის ორი თანამშრომლის მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვენ

ჩინური კომპანიის თანამშრომლების მიერ ნაცემი მუშები და მათი ადვოკატები საქმის გადაკვალიფიცირებას მოითხოვენ. სოფელ ზვარეში ჩინური კომპანიის თანამშრომლების მიერ ნაცემმა მუშებმა და მათმა ადვოკატებმა დღეს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში პრესკონფერენცია გამართეს. როგორც დაზარალებულთა ადვოკატმა დავით ახალაურმა განაცხადა, დღეს ისინი მოითხოვენ, რათა გამოვლინდნენ დამნაშავეები და მოხდეს მათი შესაბამისად დასჯა. ასევე ადვოკატის თქმით, დაზარალებულები ითხოვენ კომპენსაციას, რომელიც დღემდე არ მიუღიათ.

”ჩვენი მოთხოვნაა გამოვლინდეს ყველა სისხლის სამართლის დამნაშავე. მათ დაუმძიმდეს ბრალი იმიტომ, რომ ჩადენილია სავარაუდოდ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება და მკვლელობის მცდელობა. მოვითხოვთ გადაისინჯოს, ხომ არ არის კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი, რადგან კომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან ხდებოდა მოწოდებები, რომ მუშები ეცემათ“, - განაცხადა ადვოკატმა დავით ახალაურმა.

მისივე თქმით, დაზარალებულები მოითხოვენ, რომ ჩინეთის ორი მოქალაქის მიმართ, რომელთაც აღკვეთ ღონისძიებად გირაო შეეფარდათ, გამოყენებული იქნას პატიმრობა, რადგანაც არსებობს ქვეყნის დატოვების ალბათობა.

ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ გარკვეულწილად დაზარალებულ პირებზე მიმდინარეობს ზეწოლა, რათა მოხდეს გაჩუმება.

”ჩვენ გადავწყვიტეთ 7 ნოემბერს ჩავსულიყავით სოფელ ზვარში და შევხვედროდით დაზარალებულებს. ჩვენ ვესაუბრეთ მათ და დაზარალებულები საუბრობდნენ პრობლემებზე. როდესაც ჩავედით ადგილზე, აღმოჩნდა, რომ რკინიგზის პროფკავშირები უკვე შეხვდნენ დაზარალებულებს და დაზარალებულებმა შეცვალეს პოზიცია და ამჯობინეს გაჩუმება. ჩვენ ამ კუთხით რკინიგზის პროფკავშირებთან ვერ ვთანამშრომლობთ და გარკვეული ეჭვის საფუძველს იძლევა მათი საქმიანობა”, - განაცხადა ადვოკატმა დავით ახალაურმა.

როგორც ერთ-ერთმა დაზარალებულმა ბეჟან სარალიძემ აღნიშნა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღესაც საკმაოდ მძიმეა. ის საჭიროებს მკურნალობას, თუმცა მისთვის კომპენსაციის გადახდა ამ დრომდე არ ხორციელდება.