იმერეთის რეგიონში ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მშენებლობა იწყება

შპს ”საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის” დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა, ”ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის’’ პროექტის ფარგლებში, კონსულტანტ კომპანიის (PEM Consult) წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.როგორც  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან იუწყებიან, შეხვედრაზე მხარეებმა პროექტთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრეს და 17-18 ნოემბერს წყალტუბოში დაგეგმილი სემინარის - ”მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავების შესახებ“ დეტალები განიხილეს.

სემინარს დაესწრებიან, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი, შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი, გიორგი შუხოშვილი, ქუთაისის მერი, შოთა მურღულია, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და ნარჩენების მართვის საერთაშორისო ექსპერტები.

”შპს ”საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით, იმერეთის რეგიონში, ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული სანიტარუილი ნაგავსაყრელის მშენებლობას იწყებს. აღნიშნული ნაგავსაყრელი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების 16 მუნიციპალიტეტს მოემსახურება. პროექტი, ასევე, მოიცავს აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ნარჩენების მოგროვების, ქუჩების დასუფთავების სისტემის გაფართოებასა და გაუმჯობესებას, ნარჩენების გადაზიდვის სისტემის მოწყობას.

ახალი ევროსტანდარტების შესაბამისი სანიტარული ნაგავსაყრელის სამშენებლო სამუშაოები 2015-2019 წლებში განხორციელდება. ახალი ნაგავსაყრელის მოწყობის პარალელურად დაიხურება რეგიონში არსებული ძველი ნაგავსაყრელები”, - აცხადებენ სამინისტროში.