საქართველოში ქალთა მეწარმეობის განვითარების თემაზე სემინარი გაიმართება

მეწარმეობის განვითარების კვირეულის ფარგლებში, 18 ნოემბერს, „რედისონ ბლუ ივერიაში“ „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა“ (EBRD) და ბიზნეს ასოციაციის „ქალები მომავლისთვის“ შეხვედრა-სემინარი გაიმართება.

სემინარის თემა - საქართველოში ქალთა მეწარმეობის განვითარებაა.

შეხვედრაზე საქართველოს ბანკი წარადგენს საკრედიტო ხაზს მეწარმე ქალებისთვის, რომელიც ევრობანკის მეწარმე ქალების დახმარების პროგრამის ფარგლებში შეიქმნა.

შეხვედრის მონაწილეები ისეთ თემებზე იმსჯელებენ, როგორიცაა: სტარტაპები - საჭიროებები, შესაძლებებლობები და პრობლემები; ადამიანური რესურსების მართვა; ცვლილებების მართვა ბიზნესში; მარკეტინგი და ექსპორტის მენეჯმენტი.

შეხვედრას ქალი მეწარმეები და მენეჯერები, ქალთა ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორისა და საბანკო სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

მეწარმე ქალების დახმარების პროგრამა რეგიონალური ინიციატივის ნაწილია, რომელიც სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელორუსს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას მოიცავს.

პროგრამა შვედეთის, ევროკავშირისა და ევრობანკის გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების (ETC) ფონდის მიერ არის დაფინანსებული.