iPhone+ -ის დირექტორმა საქართველო დატოვა

"აიფონ პლუსის" ცნობით, კომპანიის დირექტორმა მამუკა მარღიშვილმა საქართველო დატოვა. ამის შესახებ, კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თუმცა მის მიერ ქვეყნის დატოვების მიზეზები არაა დასახელებული.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, "აიპლუსის" დამფუძნებელი ბრიუსელიდან ვიდეოზარით ჩაერთვება პრესკონფერენციაზე, რომელსაც კომპანიის წარმომადგენლები 21 ნოემბერს, სასტუმრო "რედისონში" გამართავენ.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ "აიფონ პლუსს" მისი კონკურენტი კომპანიის, "აიტექნიკის" სარჩელის საფუძველზე 1 600 000 ლარის ყადაღა დაადო. iPlus-ი სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძის გავლენებს უკავშირებს.

„კერძოდ, კომპანიის მენეჯმენტის განმარტებით, iTechnic-ის რეალური მფლობელი ვალერიან ცერცვაძეა, რომელსაც წილები ოფიციალურად ცოლის ძმის, ბექარ მიქუჭაძის სახელზე აქვს გაფორმებული, ხოლო iTechnic-ის გენერალური მენეჯერი ცერცვაძის მეუღლე გვანცა მიქუჭაძეა.

„პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძის iTechnic-თან კავშირების უტყუარი დამადასტურებელი ახალი მტკიცებულებები. ასევე, დამატებით ფაქტები ვალერიან ცერცვაძის და მისი მეუღლის მცდელობებებზე "აიპლიუსის" მიზანმიმართულად გაკოტრებასთან დაკავშირებით,“- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.