NASA დონალდ ტრამპს აფრთხილებს

ნასას მთავარი მეცნიერი აშშ-ის ახალარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აფრთხილებს.

მისი თქმით, ტრამპი ცდება, თუ იგი ფიქრობს, რომ კლიმატური ცვლილებები არ ხდება. მეცნიერმა გევინ შმიდტმა ნასას მონაცემებიც გამოაქვეყნა, რომელიც ადასტურებს რომ კლიმატური ცვლილებების გამო გასული თვე რიგით მეორე ყველაზე თბილი ოქტომბერი იყო.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს გლობალურ დათბობის პრობლემას ჩინეთის ინიცირებული "ტრიუკი" უწოდა და განაცხადა, რომ კლიმატის ცვლილებების შესახებ პარიზის შეთანხმების რატიფიცირებას გააუქმებს. აღნიშნულ შეთანხმებას ხელს 175 ქვეყანა აწერს, მათ შორის აშშ, ხელმომწერები გამონაბოლქვის შემცირების გზით კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის პირობას დებენ.

ამ განცხადების შემდეგ მეცნიერებმა და გარემოსდამცველებმა დაიწყეს ერთგვარი კამპანია ტრამპის დასარწმუნებლად იმაში, რომ კლიმატური ცვლილებები ნამდვილად ხდება.

მსხვილმა კომპანიებმა და ბრენდებმა, ისეთებმა როგორიცაა "სტარბაქსი", GAP, Nike, "ლორეალი", ღია წერილიც გაავრცელეს, რომლითაც ისინი აცხადებენ, რომ მზად არიან იბრძოლონ გლობალური დათბობის წინააღმდეგ. ისინი ასევე ტრამპს მოუწოდებენ პრეზიდენტ ობამას პოლიტიკა შეინარჩუნოს "ეკოლოგიურად სუფთა ეკონომიკის" შესახებ.

წყარო ALLNEWS