,,23-ე ბიურომ“ წერილობითი ვალდებულება აიღო, შეასრულოს ყველა მოთხოვნა, რაც ზვარეში დასაქმებულებს გააჩნდა

,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ ხელმძღვანელობამ წერილობითი ვალდებულება აიღო, შეასრულოს ყველა ის მოთხოვნა, რაც ზვარეში დასაქმებულებს გააჩნდა”, - ამის შესახებ რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირიდან იუწყებიან. მათივე ინფორმაციით, თუ დამსაქმებელი დაარღვევს დადებულ შეთანხმებას, ,,საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი“ გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა მექანიზმს, იქნება ეს სასამართლო, შრომითი დავა თუ საპროტესტო აქცია.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი მიმართვას ავრცელებს სს „საქართველოს რკინიგზის“ მიმართაც და აცხადებს, რომ გამოიყენოს ხელშეკრულების ფარგლებში მის ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტები, მათ შორის, მუდმივად იყოს ინფორმირებული მშენებლობაზე არსებული ვითარების შესახებ.

მის მიერ დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კი გაატაროს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები კონტრაქტორის მიმართ და მოითხოვოს დარღვევების გამოსწორება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეწყვიტოს კონტრაქტი დაქირავებულ კომპანიასთან.

მოწოდება კეთდება საქართველოს პარლამენტის მიმართაც. პროფკავშირები მოითხოვენ დაუყოვნებლივ შექმნას შრომის პირობებისა და უსაფრთხოების კონტროლის ეფექტური სისტემა, რომელსაც ექნება სამუშაო ადგილების სათანადო ინსპეტირებისა და დარღვევების გამოსწორების ეფექტური ბერკეტები. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წევრები შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს მოუწოდებენ, რომ კანონით დადგენილი წესით გაასაჯაროოს ზვარეში, სამშენებლო ობიექტზე განხორციელებული ინსპექტირების შედეგები და საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია კომპანიის მიერ დარღვევების აღმოფხვრისა და რეკომენდაციების შესრულების პროგრესის შესახებ.

გავრცელებულ მიმართვას, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის გარდა ხელს აწერენ, ,,პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბი”, ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, “სოციალური აზრის ფორუმი”, ,,დემოკრატიის ინსტიტუტი“, მწვანე მუშტი, ქალთა მზერა, თვითორგანიზების ქსელი, ახალგაზრდა მწვანეები, ახალგაზრდა სოციალისტები, თბილისის სოლიდარობის ქსელი, თეთრი ხმაურის მოძრაობა ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი, Praxis/პრაქსისი, აუდიტორია 115, ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” (აფბა), ანალიტიკური პორტალი European.ge. ,,საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი”, ,,საქართველოს მეტალურგთა, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი”, ,,საქართველოს მედიის პროფესიული კავშირი GMTU.