მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის ფარგლებში, სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე ორი ჭაბურღილი გაიბურღება

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ გაზის მიწისქვეშა საცავის პროექტის განვითარების მეორე ფაზის ფარგლებში სამგორის სამხრეთი თაღის ნავთობის საბადოზე ორი ახალი შემფასებელი ჭაბურღილის გაბურღვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა.

როგორც „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ იუწყება, გაზსაცავის პროექტის განვითარების პირველი ეტაპის დროს ჩატარებულმა ტექნიკურ-ეკონომიკურმა შესწავლამ დაადასტურა, რომ გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე აუცილებელია დამატებითი გეოლოგიური კვლევების ჩატარება სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე, რაც ითვალისწინებს ამ საბადოზე ორი შემფასებელი ჭაბურღილის ბურღვას დაახლოებით 2500 მეტრამდე სიღრმეზე. აღნიშნული სამუშაოების შედეგად მიღებულ გეოლოგიურ მონაცემთა ლაბორატორიულ ანალიზსა და სხვა დამატებითი კომპლექსური სამუშაოების ჩატარების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ კონსულტანტი ფრანგული სპეციალიზირებული საინჟინრო კომპანია „ჯეოსტოკი“ 2017 წლის ბოლომდე მოხდენს გაზსაცავის საბოლოო საინჟინრო-საპროექტო და სამშენებლო დოკუმენტაციის შემუშავებას. გაზის მიწისქვეშა საცავის პროექტის სამშენებლო სამუშაოების დაწყება იგეგმება 2018 წლის დასაწყისში, დასრულება კი 2020 წლისთვის, ანუ იმ პერიოდისთვის, როდესაც საქართველოს მიერ შაჰ-დენიზის გაზსადენიდან მისაღები გაზის მოცულობები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

გაზსაცავი თბილისთან ახლოს, სამგორის სამხრეთი თაღის დაცლილ, გასული საუკუნის 70-80-იან წლებში დამუშავებულ ნავთობის საბადოზე აშენდება და მასში 300 მილიონ კუბური მეტრამდე მოცულობის ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც ქვეყნის დღევანდელი მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით 15%-მდე შეადგენს.

როგორც „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ აცხადებენ, გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობით მნიშვნელოვნად ამაღლდება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება, რადგან ბუნებრივი გაზის ქვეყნის გარედან მოწოდების დაუგეგმავი შეწყვეტის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მომხმარებლებისათვის გაზსაცავიდან გაზის მიწოდება, ასევე, გაზის მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსის დარეგულირება და ზამთრის პერიოდში პიკური მოხმარების დაკმაყოფილება.