მთავრობა პენსიის გაზრდაზე აღარ ფიქრობს?

მომდევნო წლებში საქართველოში პენსიის გაზრდა ნაკლებად სავარაუდოა. ამის შესახებ არც წინასაარჩევნო დაპირებებში თქმულა რამე და არც 2017 წლის ბიუჯეტის თავდაპირველ ვერსიაშია აღნიშნული. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს,  რამდენადაც ქვეყანა დაგროვებითი პენსიის მოდელის დანერგვაზე გადასვლას იწყებს, გამორიცხული არ არის, რეფორმის გამოისობით სოციალური პენსიის გაზრდაზე მთავრობამ უარი თქვას. პენსიის თუნდაც 20 ლარით მომატებისთვის, წელიწადში 200 მილიონი ლარია საჭირო. ბიუჯეტს ამ ეტაპზე ამის საშუალება არ აქვს.

არჩევნებში გამარჯვებული პარტია პენსიის ზრდაზე დამაიმედებლად ვერ საუბრობს. მთავარი აქცენტი, როგორც ჩანს, საპენსიო რეფორმაზეა, რომლის შესახებაც "ქართული ოცნების" წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ რამდენიმე დღის წინ ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობა მზადაა, რომ 2017 წლის მესამე კვარტალიდან ქვეყანაში აამოქმედოს დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რისთვისაც საკანონმდებლო ბაზა უკვე შემუშავებულია. რაც შეეხება ამჟამინდელი სოციალური პენსიის გაზრდას, როგორც ხუნდაძე განმარტავს, "ეს პროცესი ეტაპობრივი და ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელთან თანმხვედრი უნდა იყოს".

2017 წლის ბიუჯეტი 4%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი. თუკი გამართლდა, პენსიის მომატებისთვისაც გამოიძებნება რესურსი. ერთია ის, რომ მშპ-ს დასახული ნიშნულის მიღწევა ყოველთვის ჭირს და თანაც პენსიის მატებისთვის პოლიტიკური ნებაც საჭიროა, რაც დღესდღეობით არ იკვეთება.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, სოსო არჩვაძის აზრით, არასწორი იქნება, თუკი საპენსიო რეფორმის გამო, სოციალური პენსიის ზრდაზე მთავრობა უარს იტყვის.

"სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი ჩამოყალიბებული არ არის, ამიტომ წინასწარ საუბარი, ცოტა არ იყოს მიჭირს. ალბათ, საბიუჯეტო დოკუმენტში სერიოზული ცვლილება შევა, მაგრამ რამდენად მოხერხდება პენსიის გაზრდა, ვერაფერს ვიტყვი. ცხადია, იქნება ახლებური ხედვა, რადგან პარლამენტს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ახალი კადრებით დაკომპლექტდება და როგორც ამბობენ, შეიძლება, ფინანსთა მინისტრიც შეიცვალოს. ახლა მსჯელობა ცოტა ნაადრევია.

საპენსიო რეფორმის გამო, მთავრობა თუ სოციალური პენსიის გაზრდაზე უარს იტყვის, ეს არასწორი იქნება. დაგროვებითი პენსია ნებაყოფლობითია და იქ მონაწილეობის უფლება აქვთ მოქმედ დასაქმებულებს, რომელთა ასაკი 50 წელს არ აღემატება. ამიტომ საპენსიო რეფორმის განხორციელებას სათანადო დრო დასჭირდება.

სოციალური პენსიის მომატებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში საკმარისი რესურსი უნდა მოიძებნოს. მშპ-ს ყოველი პროცენტით გაზრდა გვაძლევს საშუალებას, რომ საბიუჯეტო სახსრები გავზარდოთ სადღაც 100 მლნ ლარამდე. შესაბამისად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს.

2017 წლის ბიუჯეტი 4%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი. სავალუტო ფონდის პროგნოზით კი 5,1%-იანი მატება გვექნება. თუკი პროგნოზი გამართლდება, ვნახოთ, როგორ მოხდება ამ რესურსის გამოყენება. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად ხელსაყრელი პირობები იქნება საგარეო ვაჭრობისთვის, ექსპორტისთვის და ა. შ. ჩვენ თუ გავამართლებთ სავალუტო ფონდის პროგნოზს, საშუალება გაჩნდება 10-10 ლარით მოვუმატოთ პენსია წლის განმავლობაში", - აცხადებს არჩვაძე.

პირველი ივლისიდან პენსია 20 ლარით გაიზარდა და 180 ლარს მიაღწია. თუმცა ლარის კურსის სხვაობამ ეს თანხა თითქმის სრულად შთანთქა. ასე რომ, ხანდაზმულ ადამიანებს მთავრობის ნაბიჯმა მცირე შვებაც ვერ მოჰგვარა.

"ასაკის პენსიონერებისთვის 10-20 ლარით ზრდა შეღავათი ნამდვილად არ არის. შედარებისთვის, ოჯახის საშუალო ყოველთვიური შემოსავალი, დაახლოებით, 1000 ლარია. ამიტომ 20-ლარიანი მატება საგრძნობი ვერ იქნება. მართალია, საპენსიო თანხას ოჯახის ერთი ან ორი კონკრეტული წევრი იღებს, მაგრამ ნუ გვავიწყდება, რომ საქართველოში პენსიონერების 90% ოჯახებში ცხოვრობს. ამიტომ მთლიანი ბიუჯეტისთვის 20-ლარიანი სხვაობა რეალურად დიდად არაფერს ცვლის.

დევალვაციის გამო ნამატი, ფაქტობრივად, წაიღო იმ საქონელმა, რომელიც პირდაპირ კავშირშია იმპორტთან. მედიკამენტების ფასსა და ლარის კურსის სხვაობასთან. ვფიქრობ, პენსიის გაზრდის რესურსი არსებობს, მთავარია, პოლიტიკური ნება. შეიძლება, კონტრარგუმენტად მოიყვანონ ის, რომ ქვეყანაში არის დეფლაცია, მაგრამ არ ანგარიშობენ იმას, თუ რა დამატებითი სახსრების გაწევა უწევს მოსახლეობას საბანკო და სხვა ტიპის მომსახურებისთვის, რაც მათ გადახდისუნარიან მოთხოვნებს სერიოზულად ამცირებს", - აცხადებს სოსო არჩვაძე.

არსებული რეალობის გათვალისწინებით, სპეციალისტები პენსიის ზრდას არ ელიან. რაც შეეხება საპენსიო რეფორმისთვის სამზადისს, ექსპერტ ნოდარ კაპანაძის მოსაზრებით, ამ პროცესმა სოციალური პენსიის ზრდა, თუ შესაბამის რესურსი მოიძებნა, არ უნდა შეაფერხოს.

"პენსიის 1 ლარით ზრდას დაახლოებით 1M მილიონი ლარის დამატებითი ხარჯი სჭირდება წელიწადში. საბიუჯეტო რესურსი და შემოსავლები როგორ გადანაწილდება, ჯერ კიდევ უცნობია. ამიტომ მიჭირს თქმა, გაიზრდება თუ არა პენსია. სახელმწიფოს მხრიდან თითოეული დახარჯული ლარი კარგად ასაწონ-დასაწონია.

დაგროვებით სისტემაზე გადასვლამ არანაირად არ უნდა შეაფერხოს სოციალური პენსიის ზრდა, რადგან იქ აბსოლუტურად სხვა მექანიზმია და გრძელვადიან პერიოდზეა გათვლილი. ცხადია, ეტაპობრივად უნდა მოხდეს დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა. გადაწყვეტილების მიღებას ძალიან კარგი გათვლა-გაანგარიშება სჭირდება, მაგრამ არ მინახავს ჯერ, რომელიმე მთავრობას ამ მიმართულებით რამე გაეკეთებინოს", - აცხადებს კაპანაძე და დასძენს, რომ ეკონომიკურ ზრდაზე პენსიის ზრდის მიბმა არასწორია.

"გაისად თუ ეკონომიკური ზრდა შემცირდა, პენსიასაც ხომ არ შეამცირებენ? მოკლევადიან პროგნოზზე ამ გასაცემლის მიბმა სწორი არ არის. შეუძლებელი არაფერია, მაგრამ პენსიას თუ გაზრდიან, ეს ხარჯი რაღაცას უნდა მოაკლონ. მაგალითად, ინფრასტრუქტურას თუ მოაკლებენ, არ გვექნება ინფრასტრუქტურა და გვექნება პენსია. მთავრობის არჩევანზეა დამოკიდებული, მისთვის რა უფრო პრიორიტეტულია", - აცხადებს ნოდარ კაპანაძე.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"