ეროვნული ბანკი - დაუშვებელია, კომერციული ბანკის მიერ კანონმდებლობის დარღვევები განზოგადებულ იქნას მთელ საფინანსო სისტემაზე

დაუშვებელია, კონკრეტული კომერციული ბანკის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის ფაქტები განზოგადებულ იქნას მთელ საფინანსო სისტემაზე, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ეროვნული ბანკი წარმოადგენს საზედამხედველო ორგანოს, რომლის ფუნქციაც არის ზედამხედველობას დაქვემდებარებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების შემოწმება. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად წარმოადგენს რომელიმე კონკრეტული ფაქტი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, აღნიშნული კვალიფიკაციის მინიჭება სცილდება ეროვნული ბანკის კომპეტენციას. ეროვნული ბანკი, დისტანციური ზედამხედველობის და ადგილზე ინსპექტირების გზით, სისტემატურად ამოწმებს დაქვემდებარებული სუბიექტების შიდა კონტროლის სისტემის სტანდარტებთან შესაბამისობას. შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების ან/და დანაშაულის ნიშნების შემცველი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში, კანონმდებლობის შესაბამისად, ინფორმაცია მიეწოდება შესაბამის სტრუქტურებს. აღსანიშნავია, რომ ფულის გათეთრების აღმკვეთი სტანდარტების მოთხოვნების დარღვევების გამო, ცალკეული ფინანსური ინსტიტუტებისთვის ლიცენზიის გაუქმების თუ სხვა საზედამხედველო ღონისძიებების გატარების ფაქტები ფიქსირდება განვითარებულ ქვეყნებშიც. ამდენად, დაუშვებელია კონკრეტული კომერციული ბანკის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების სისტემატური დარღვევის ფაქტების გამოვლენა და ლიცენზიის გაუქმება განზოგადებულ იქნას მთელ საფინანსო სისტემაზე და განხილულ იქნას ტენდენციად. საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც ფინანსური სექტორის სტაბილურობის გარანტი, თავის საქმიანობას წარმართავს კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტების და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. ამასთანავე, საფინანსო ინსტიტუტებში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის კუთხით ეროვნული ბანკის ზედამხედველობა დადებითად არის შეფასებული ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) მიერ“, - ნათქვამია განცხადებაში.