გარდაბანში ახალი პლასტმასის საწარმო აშენდება

შპს „ზ.ნ. ინოვაცია ჯორჯია“ გარდაბანში პლასტმასის მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. ამის შესახებ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადეს.

უწყების განმარტებით, კომპანიას მარტყოფში ვაზიანის დასახლებაში, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში 8816 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 7 შენობა-ნაგებობა გადაეცა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საწარმოს ასაშენებლად შპს „ზ.ნ. ინოვაცია ჯორჯია“ არანაკლებ 616 976 ლარის ინვესტიციის განახორციელებას გეგმავს. საწარმოში 35 ადამიანი დასაქმდება და წელიწადში 3000 ტონა პლასტმასის და მისი ნაწარმის ნარჩენები გადამუშავდება.

„პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დღეის მდგომარეობით 211 პროექტია მხარდაჭერილი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 249.21 მლნ ლარს შეადგენს. კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა ჯამში 246.25 მლნ ლარია, ხოლო ჯამურად 10 369 ადამიანი დასაქმდება”, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.