მერლინ მონროს კაბა აუქციონზე 4.8 მილიონ დოლარად გაიყიდა

ლეგენდარული ამერიკელი ვარსკვლავის მერლინ მონროს ცნობილი კაბა აუქციონზე 4.8 მილიონ დოლარად გაიყიდა.

„ჯულიენის“ სააუქციონო სახლმა აღნიშნული კაბა გასაყიდად 17 ნოემბერს გაიტანა და მისი საწყისი ფასი 3 მილიონი დოლარი იყო. 

ისტორიული კაბა მერლინ მონროს თავის დროზე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯონ კენედის საიუბილეო ღონისძიებაზე ეცვა. ნიუ იორკში, "მედისონ სქვეა გარდენში" ამ კაბაში გამოწყობილმა მერლინ მონრომ ჯონ კენედის 45 წლის იუბილეზე „Happy birthday, Mr President" უმღერა.

ხელოვნების ნიმუშად შეფასებული კაბა, რომელიც ექსკლუზიურად მერლინ მონროსთვის დიზაინერმა ჟან ლუისმა შეკერა, 2500 თვლითაა გაწყობილი. კაბა მონროს კანის ფერისაა და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს მომღერალი შიშველი იყო.

1962 წელს კენედის საიუბილეო ღონისძიებიდან თითქმის სამ თვეში, მერლინ მონრო 36 წლის ასაკში გარდაიცვალა.