უკრაინული ავიაკომპანია „დარტი“ კიევსა და თბილისს შორის რეგულარული ავიარეისების შესრულებას იწყებს

საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით ოპერირებას ახალი უკრაინული ავიაკომპანია DART იწყებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.  ავიაკომპანია „DART“ 2016 წლის 23 დეკემბრიდან კიევსა და თბილისს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას კვირაში 2 სიხშირით განახორციელებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა დღეს მიენიჭა.

როგორც სამინისტროდან იუწყებიან, ფრენები ყოველ პარასკევსა და კვირას, Airbus 320 და 321 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

მათივე ინფორმაციით, ავიაკომპანია „დარტის“ გარდა საქართველოსა და უკრაინის დედაქალაქებს შორის რეგულარულ რეისებს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ და „იან ეარი“ ახორციელებენ.