რუსთავში 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

“დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის” რუსთავის ოფისში, დღეს რუსთავის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას არასამთავრობო სექტორის, მედიის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეები და სხვადასხვა სფეროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები და დაგეგმილი პროექტები, დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და საფინასო-საბიუჯეტო სამსახურის თანამშრომლებმა გააცნეს. ქალაქის მერმა მოსახლეობისა და ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა. რუსთავის მერმა 2017 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ვრცლად ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეთა მოსაზრებებიც მოისმინა. დავით ჯიქიას განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტში მთავარ პრიორიტეტად კვლავ ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარება და სოციალური პროგრამები რჩება. ,, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ადგილობრივი შემოსავლების პარამეტრები 36 მილიონია, შარშან 34 მილიონი იყო. მომავალი წლის ბიუჯეტიდან თანხების ძირითადი ნაწილი მიმართული იქნება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის ბაგა-ბაღების რეაბილიტაციაზე და მშენებლობაზე, გზებისა და ტროტუარების კეთილმოწყობაზე, სპორტული და გასართობი მოედნების მშენებლობაზე, ასევე სოციალურ პროექტებზე. ჯერჯერობით დასაზუსტებელია რეგიონული განვითარების ფონდიდან მისაღები ტრანსფერის ოდენობა, თუმცა როგორც წელს, ასევ 2017 წელსაც, ვფიქრობთ, რომ ჯამში რუსთავის ბიუჯეტი 50 მილიონ ლარამდე იქნება“, - განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.

რუსთავის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას ქალაქის მერთან ერთად ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე ნოდარ შეროზია, საკრებულოს საფინასო -საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე მამუკა მიქაუტაძე, საკრებულოს წევრები და მერიის სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები. რუსთავის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა რუსთავის მერიისა და “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის” ორგანიზებით გაიმართა.