საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განცხადებას ავრცელებს

სასამართლოს მიერ ს.ს. „თი ბი სი“ ბანკსა და შ.პ.ს „აგრიკომს“ შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად გამოცხადება ბიზნეს გარემოსა და სამართლებრივი წესრიგისათვის მნიშვნელოვან საფრთხეებს შეიცავს. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასოციაცია თხოვნით მიმართავს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო სისტემის ხელმძღვანელ პირებს, დაინტერესდნენ ამ, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოსათვის უაღრესად საშიში პრეცედენტით და არ დაუშვან ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის საძირკვლის ეჭვქვეშ დაყენება.

განცხადების ტექსტს ”ბიზნესპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:

„ნებისმიერი წარმატებული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, კეთილსაიმედო და პროგნოზირებადი ბიზნესგარემოს, საინვესტიციო პოტენციალის თუ უბრალოდ რიგითი მოქალაქეების კეთილდღეობის უპირობო და აუცილებელი გარანტია საკუთრების უფლებაა. ბიზნესისათვის საკუთრების უფლების დაცულობის გარანტიები, ამ სფეროში არსებული სამართლებრივი წესრიგი სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონეა.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ ყოველთვის ცდილობდა დისტანცირებას იმ საკითხებიდან, რომელთა განხილვაც მართლმსაჯულების ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება, თუმცა ჩვენ, როგორც საქართველოში მოქმედ ყველაზე მსხვილ ბიზნეს გაერთიანებას, არ შეგვიძლია დისტანცირება იმ პრობლემებისაგან, რასაც საკუთრების უფლების დაცულობის კუთხით ქმნის სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილება. ამკვიდრებს რა პრეცედენტს, რომლის მიხედვითაც, უძრავ ქონებაზე ჩატარებული აუქციონი შესაძლოა სათანადო და სრულყოფილი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ბათილად გამოცხადდეს და კიდევ უფრო უარესი - კეთილსინდისიერი შემძენი სასამართლომ შეაფასოს როგორც არაკეთილსინდისიერი, მხოლოდ ცალსახად დაინტერესებული და მიკერძოებული პირების განცხადების საფუძველზე, ყოველგვარი მტკიცებულებისა და ლოგიკური განსჯის იგნორირებით.

მსგავსი „საფუძვლებით“ კეთილსინდისიერი შემძენისათვის საკუთრების უფლების ჩამორთმევის პრეცედენტის შექმნა კატასტროფულ შედეგს მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას და საინვესტიციო პოტენციალს, რადგან ნებისმიერი მესაკუთრის საკუთრების უფლება შეიძლება დადგეს ეჭვქვეშ და ბათილად იქცეს.

ის, რომ სასამართლო სისტემაში პრობლემებია, საიდუმლო არაა არავისათვის და ამის შესახებ ჩვენც არაერთხელ გვისაუბრია, როგორც სისტემის წარმომადგენლებთან, ასევე აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, საზოგადოებასთან და მედიასთან.

ეს პრობლემები მეტ-ნაკლები სიმძაფრით აისახებოდა და აისახება ბიზნესზე და აქედან გამომდინარე ეკონომიკურ ზრდასა თუ საინვესტიციო გარემოზე, მაგრამ ის კონკრეტული საკითხი, რაზეც წინამდებარე განცხადებაშია ყურადღება გამახვილებული, არ გახლავთ „რიგითი“ პრობლემა. ის არ ავნებს ბიზნესგარემოს, ის უბრალოდ გაანადგურებს მას და ამ დროს დაუშვებელია სწორი და დროული შეფასება არ მიეცეს ამ საკითხს ყოველი მხრიდან.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ მართლსაჯულება დამოუკიდებელია, სასამართლო სისტემის საქმიანობაში რაიმე ფორმით ჩარევა დაუშვებელია, თუმცა გვსურს მივმართოთ თხოვნით აღმასრულებელ, საკანონმდებლო და უპირველეს ყოვლისა სასამართლო სისტემის ხელმძღვანელობას, რომ დაინტერესდნენ ამ, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოსათვის უაღრესად საშიში პრეცედენტით და არ დაუშვან ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის საძირკვლის ეჭვქვეშ დაყენება“, - ნათქვამია განცხადებაში.