Global Arbitration Review - საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს არბიტრაჟის ჰაბი რეგიონში

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დაარსებული ორგანიზაცია „საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი“ გავლენიანი გამოცემის - GAR-ის ყურადღების ცენტრში მოხვდა. როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან იუწყებიან, Global Arbitration Review (GAR) საარბიტრაჟო სფეროში ყველაზე პოპულარული პლატფორმაა, სადაც მუდმივად ქვეყნდება ახალი ამბები, საზოგადოებრივი აზრი, კვლევები, ანალიზი და მნიშვნელოვანი დოკუმენტები საარბიტრაჟო სფეროში.

„სფეროს ბოლოდროინდელი განვითარება საქართველოში კარგი მიზეზია რათა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში უკვე არსებობს არბიტრაჟის დონე და კომფორტი. დაარსებული საარბიტრაჟო ცენტრის განვითარებით საქართველოს უკვე აქვს შესაძლებლობა განავითაროს საარბიტრაჟო ინსტიტუტი და შეიძინოს რეგიონული ცენტრის ფუნქცია“, - აღნიშნულია ვრცელ სტატიაში.

სავაჭრო სამრეწველო პალატის ცნობით, გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში საუბარია საქართველოში არსებული კანონების შესახებ, რომელიც უშუალოდ ეხება საარბიტრაჟო საქმიანობას. დადებითად არის შეფასებული 2015 წელს ამ კუთხით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები. ავტორი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე კანონმდებლობა ყველაზე მეტად არის დაახლოებული საერთაშორისო სტანდარტებთან. ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო ნიუ-იორკის კონვენციის ხელმომწერია, რომელიც საერთაშორისო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულების თემას ემსახურება.

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი სავაჭრო-სამრეწველო პალატამ 2013 წელს დააფუძნა. იდეა საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე გაჩნდა. ორგანიზაციის შექმნამდე ამ საკითხზე აქტიურად იმუშავეს პალატისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ასევე, საარბიტრაჟო ცენტრის შექმნის პროცესში მნიშვნელოვანი როლი სამუშაო ჯგუფმა ითამაშა, რომელიც როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლებისგან შედგებოდა. საქმიანობის განხორციელების პროცესში საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი სავაჭრო-სამრეწველო პალატისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელია. ცენტრის წესების შემუშავება წამყვანი საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი კომისიის მიერ მოხდა.