რომან გოცირიძე - ნოდარ ჯავახიშვილი იყო წარუმატებელი ბანკის პრეზიდენტი და წარუმატებელი მინისტრი

კუპონის პერიოდში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო ნოდარ ჯავახიშვილი, ის იყო წარუმატებელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ მე-9 მოწვევის პარლამენტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრის ზვიად ძიძიგურის იმ რეპლიკის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც რომან გოცირიძისა და კუპონის კავშირს ეხებოდა.

რომან გოცირიძის თქმით, ზვიად ძიძიგურმა არასწორი ინფორმაცია მიაწოდა პარლამენტს და მთელ საზოგადოებას.

„ბატონო ზვიად, კუპონის პერიოდში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო ნოდარ ჯავახიშვილი, დღევანდელი თქვენი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ის იყო წარუმატებელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ისევე როგორც იყო წარუმატებელი ინფრასტრუქტურის მინისტრი, იმიტომაც არ არის ის დღეს ახალ მთავრობაში, იმიტომაც მოიცილეთ პირადად თქვენ, ამიტომ ყოველი გამონათქვამი, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, იქნება პასუხგაცემული“, - განაცხადა გოცირიძემ.

ალბათ ბევრჯერ მოვისმენთ ბატონო ირაკლი ლარის კურსთან დაკავშირებით კრიტიკას ისეთი ადამიანისგან, რომელიც კუპონთან არის დაკავშირებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა, მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატისთვის კითხვის დასმისას განაცხადა.

”ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლობა იმუქრება, რომ შექმნიან დისკომფორტს პარლამენტში და დაინახავს ხალხი, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ, მათ მხოლოდ და მხოლოდ ასეთი დისკომფორტის შექმნის მცდელობა ექნებათ. ჩვენ აქ ალბათ ბევრჯერ მოვისმენთ, ბატონო ირაკლი, ლარის კურსთან დაკავშირებით კრიტიკას, ისეთი ადამიანისგან, რომელიც კუპონთან არის დაკავშირებული. მოვისმენთ ადამიანის უფლებების დაცვაზე იმ ხალხისგან შენიშვნებს, ვინც თვითონ იყვნენ, ხშირ შემთხვევაში, პირდაპირ თუ ირიბად გარეული ადამიანის უფლებების დარღვევაში. რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში პარლამენტის თავმჯდომარეობა ძნელი და რთული იქნება, მაგრამ მინდა გკითხოთ, რა გზებით აპირებთ ასეთი ტიპის ოპოზიციასთან, კონსტრუქციულ თანამშრომლობას და ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფას?”, - მიმართა ზვიად ძიძიგურმა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს, რომელიც ამ წუთებში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.