საქართველოში ციფრული მარკეტინგის პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, 19 ნოემბერს, საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში ციფრული მარკეტინგის საერთაშორისო კონფერენცია - Touch გაიმართება. კონფერენციის ძირითადი თემაა ტურიზმი ციფრულ სამყაროში.

როგორც  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან იუწყებიან, კონფერენციაზე საუბარი იქნება ახალი ტენდენციების, ბიზნესში ციფრული მარკეტინგის მნიშვნელობისა და ინტერნეტ სამყაროს ახალი გამოწვევების შესახებ.

მათივე ინფორნმაციით, კონფერენციას Google-ის, National Geographic-ის, Impact hub Vienna-ის წარმომადგენლები დაესწრებიან. კონფერენციის სპიკერები საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, Google-ის ინდუსტრიული მენეჯერი დმიტრი შილიუკი, National Geographic-ის ფოტოგრაფი ვიქტორ ლაგუშკინი. Impact hub Vienna-ის წარმომადგენელი კაი ვიჩმენი, სოციალური მედიის მენეჯერი ანა სამპაიო ბაროში, ფრანგი ფოტოგრაფი და მოგზაური აურელიან ბატინი არიან. მოწვეული სპიკერები კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარებენ წარმატებულ ისტორიებს, ბიზნეს გადაწყვეტილებებს და კონფერენციის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხებენ.

Touch - ციფრული მარკეტინგის პირველი კონფერენცია ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით ხორციელდება და ყოველწლიურად გაიმართება. პროექტის სპონსორები არიან: ავიაკომპანია ,,ატლასგლობალი” და სასტუმრო ,,ფაბრიკა’’, მხარდამჭერები - ღვინო ,,ვისმინო“, რესტორანი ,,ბარბარესთან’’, ტექნოპარკი და კომპანია ,,პორტ:80’’.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ,,ინტერნეტი ყოველწლიურად კომუნიკაციის უფრო და უფრო მნიშვნელოვანი არხი ხდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ძალიან აქტიურად და წარმატებულად იყენებს ციფრულ მარკეტინგს ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად მსოფლიოს წინაშე. ეს საერთაშორისო კონფერენციაც ამ მიმართულებით წინ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ეძლევათ, რომ გაიზიარონ გამოცდილება ციფრული მარკეტინგის ტენდენციების, ტექნიკური საშუალებების და საკომუნიკაციო არხების დახვეწის შესახებ, ეს ყველაფერი კი დაეხმარება მათ, რომ სამიზნე აუდიტორიასთან, მათ შორის პოტენციურ ტურისტებთან სწორი კომუნიკაცია მოახდინონ.