ვინ განსაზღვრავს ეკონომიკურ პოლიტიკას პარლამენტში?

მმართველი გუნდი საპარლამენტო კომიტეტების ფორმირებას პარლამენტის პირველივე სხდომაზე გეგმავს. რეგლამენტის გათვალისწინებით, ჯერ კომიტეტები იქმნება და ამის შემდეგ ხდება კომიტეტების თავმჯდომარეებისა და სხვა საკომიტეტო თანამდებობებზე წარდგენილ პირთა არჩევა.

საქართველოს პარლამენტში სულ 15-კომიტეტია. მათი შემადგენლობა ფრაქციათა წარმომადგენლობისა და იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად განისაზღვრება, რომლებიც არცერთ ფრაქციაში არ არიან გაერთიანებული.

ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე, კომიტეტების წევრთა რაოდენობას და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია განსაზღვრავს. მას დადგენილებით პარლამენტი დაამტკიცებს.

ამის შემდეგ პარლამენტი, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, კომიტეტების თავმჯდომარეებს აირჩევს. ზოგადად, მათ ასარჩევად პარლამენტს 7-დღიანი ვადა აქვს, თუმცა არსებული ინფორმაციით, ”ქართული ოცნება” გეგმავს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება პირველივე სხდომაზე მოასწროს და თავმჯდომარეები აირჩიოს.

”ქართულმა ოცნებამ” საკომიტეტო თანამდებობებზე წარსადგენი პირები უკვე დაასახელა. სახელისუფლებო პარტია პარლამენტს შემდეგ კანდიდატებს შესთავაზებს:

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ოთარ დანელია, პირველი მოადგილე - გელა სამხარაული, მოადგილე - ირაკლი შიოლაშვილი.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე - კახა კუჭავა, პირველი მოადგილე - ზაზა ხუციშვილი, მოადგილე - ენძელა მაჭავარიანი.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - რომან კაკულია, პირველი მოადგილე - გიორგი ბეგაძე, მოადგილე - რევაზ არველაძე.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი კოვზანაძე, პირველი მოადგილე - პაატა კვიჟინაძე, მოადგილე - ირაკლი ბერაია.