ახმეტაში წარმოებული ეთერზეთები ექსპორტზე ევროპის ქვეყნებში გავა

კომპანია „აგრო არომა“ ეთერზეთებისა და ცხოველების, ფრინველებისა და თევზის საკვების წარმოებას გეგმავს.

როგორც კომპანიის დირექტორმა ზურაბ ნაცვლიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას თქვა, საწარმო ახმეტაში, მომავალი წლის აგვისტო-სექტემბერში ამოქმედდება.

„ამ ეტაპზე ტერიტორიის დასუფთავება და მოწყობა მიმდინარეობს. პროდუქცია ბაზარზე უკვე 2017 წლის შემოდგომისთვის გამოჩნდება. ეთერზეთები 100%-ით ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. რაც შეეხება ცხოველების, ფრინველებისა და თევზის საკვებს, ეს პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი,“ - ამბობს ნაცვლიშვილი.

მისივე თქმით, პროდუქციის გატანა საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისსა და ავსტრიაში იგეგმება.

ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ პირველ ეტაპზე ეთერზეთები მხოლოდ ქინძის თესლისგან დამზადდება. ნედლეულის შეძენა კი ადგილობრივი ფერმერებისგან მოხდება.

საწარმოში, სადაც 60-70 ადამიანი დასაქმდება, წლიურად 6 ტონა ეთერზეთისა და 1 000 ტონა საკვების წარმოება იგეგმება.

პროექტის ღირებულება დაახლოებით 1 მილიონი დოლარია.