ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ დამზადება-გამოყენების ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. ამის შესახებ  საგამოძიებო სამსახურიდან იუწყებიან. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ შპს-ს დამფუძნებელი და დირექტორი, ავტომანქანისთვის განკუთვნილ, დაბალი ხარისხის იაფფასიან მაგნიტოფონებზე, მათი გაყიდვის გაადვილების მიზნით, სისტემატურად ახდენდა ცნობილი ბრენდის - SONY-ს სასაქონლო ნიშნის უკანონოდ განთავსებას და შემდგომ, უკანონდ ნიშანდებულ საქონელს ე.წ. „ლილოს ბაზრობის“ ტერიტორიაზე მოტყუებით ასაღებდა, როგორც „SONY“-ის მიერ წარმოებულ ორიგინალ პროდუქციას. საქმეზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საგამოძიებო სამსახურის მიერ სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებულია ბრალდებულის მიერ რეალიზებული, დიდი ოდენობით კონტრაფაქციული ტექნიკა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.