”ავტობუსების შემოყვანის შემდეგ, მგზავრები სამარშრუტო ტაქსებიდან ახალ კომფორტულ ავტობუსებში გადასხდებიან”

თბილისის მერი დავით ნარმანია დარწმუნებულია, რომ ახალი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ სამარშრუტო ტაქსებიდან მგზავრები ახალ კომფორტულ ავტობუსებში გადასხდებიან. ამის შესახებ  დავით ნარმანიამ განაცხადა. დედაქალაქის მერმა კომენტარი გააკეთა სამარშრუტო ტაქსების გადატვირთვისა და მგზავრთა ღირსებისშემლახველი სიტუაციის გამო.

ნარმანიამ საუბრისას აღნიშნა, რომ თბილისის მერიასა და კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელობას შორის კომუნიკაცია გუშინაც შედგა. მერის თქმით, კომპანიის მიმართ მერიას ორი მოთხოვნა აქვს.

„ჩვენი მხრიდან „თბილისის მიკროავტობუსის“ კომპანიასთან არაერთხელ იყო საკითხი დაყენებული, რათა გაუმჯობესდეს სერვისი. ჩვენ მათგან ორ რამეს ვითხოვთ. ეს არის, კონდიცირება და ასევე ის, რომ მგზავრები ფეხზე არ იდგნენ.

თბილისის მერიასა და კომპანიას შორის კომუნიკაცია გუშინაც იყო. შესაბამისად კომპანიის ხელმძღვანელობამ გააფრთხილა მარშუტკების მძღოლები და მოუწოდა მგზავრებს, არ ავიდნენ იმ მიკროავტობუსში, სადაც ადგილები არ არის. გატარდება შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები იმ მიკროავტობუსის მძღოლების მიმართ, რომლებიც მგზავრებს ფეხზე დააყენებენ“, - აღნიშნა ნარმანიამ.

კითხვაზე, აქვს თუ არა მერიას უფლება, კომპანიას სამარშრუტო ხაზებზე მიკროავტობუსების დამატება მოსთხოვოს, ან ვინ შეამოწმებს და დააჯარიმებს მძღოლებს, დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ მერიას „თბილისის მიკროავტობუსის“ დაჯარიმების უფლება ამ ნაწილში არ აქვს. ქალაქის ბაზარზე სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის საინტერესო ალტერნატივა ახალი კომფორტული ავტობუსები იქნება.

„ჩვენ კომპანიისთვის მითითების მიცემის უფლება გვაქვს. ასევე, კომპანიის მხრიდან მძღოლებისადმი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ტარდება. კონკრეტულად მერიას „თბილისის მიკროავტობუსის“ დაჯარიმების უფლება ამ ნაწილში არ აქვს, თუმცა ქალაქის ბაზარზე ძალიან საინტერესო ალტერნატივას ვაჩენთ, - ეს არის ძალიან კომფორტული ახალი ავტობუსები. ასე რომ, დროთა განმავლობაში, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მგზავრი ახალ ავტობუსში გადმოჯდება“, - განაცხადა ნარმანიამ.