”მომხრე ვიქნებოდი, საუკეთესო ქართველი მასწავლებლების გაკვეთილების ონლაინვერსიები არსებობდეს”

მომხრე ვიქნებოდი, რომ საუკეთესო ქართველი მასწავლებლების გაკვეთილების ონლაინვერსიები არსებობდეს, იყოს თამაშები, პროგრამები, რომლებიც დაეხმარებიან ჩვენ მოსაწავლეებს ცოდნის გაღრმავებაში , - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტექნოპარკში განაცხადა, სადაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა.

როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, ტექნოლოგიური განვითარება განათლების რეფორმის ერთ-ერთი ცენტრალური მდგენელია იმიტომ, რომ ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება, რომ საუკეთესო ქართველმა მასწავლებლებმა ყველა ქართველ მოსაწავლეს ხმა მიაწვდინონ, რაც ადრე შეუძლებელი იყო.

„იგივე დისტანციური, ელექტრონული სწავლებები, თუ ბევრი სხვა ინსტრუმენტი ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ კარგი ან ცუდი მასწავლებელი, კარგი ან ცუდი სკოლა აღარ იყოს და ეს იყოს ერთიანი სივრცე, სადაც ყველა ბავშვს და ბევრ ზრდასრულსაც არ აწყენდა სკოლისდროინდელი ამბების გახსენება საჭიროებისამებრ. მე ვფიქრობ, რომ ტექნოლოგიები იძლევა იმ შედეგების გამრავლების საშუალებას, რაც ჩვენ გვაქვს. მე მომხრე ვიქნებოდი, რომ საუკეთესო ქართველი მასწავლებლების გაკვეთილები არსებობდეს ონლაინვერსიაში, არსებობდეს თამაშები, პროგრამები, რომლებიც დაეხმარებიან ჩვენ მოსაწავლეებს ცოდნის გაღრმავებაში“, - განაცხადა ჯეჯელავამ.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ამ კუთხით მზად არის შესაბამისი ინფრასტრუქტურაც და ამ კონტექსტში ალექსანდრე ჯეჯელავამ ის ფაქტი დაასახელა, რომ დღეს ყველას აქვს მობილური, გაიზარდა ინტერნეტის დაფარვა, სულ მალე 2000 ქართულ სოფელში იქნება მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, გარდა ამისა, სამინისტრო კომპიუტერებს ჩუქნის პირველკლასელებსა და წარჩინებულებს, ამასთან, შესაბამისი მოწყობილობები ბაზარზე სულ უფრო იაფდება.

„ასევე ათობით სკოლაში ყოველწლიურად კეთდება უკაბელო ინტერნეტი, ამ მიმართულებით „მაიკროსოფტი“ გვეხმარება, ვხარჯავთ ჩვენს რესურსებსაც. ძალიან სწრაფი ნაბიჯებით ვითარდება, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სავსებით რეალისტურია ის მიზნები, რომლებიც ჩვენ გვაქვს დასახული“, - განაცხადა ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, მასწავლებლების მხრიდან დიდია დაინტერესება და მზადყოფნა, რომ ტექნოლოგიები გამოიყენონ და ცოდნა გაიღრმაონ.

”მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის” ორგანიზებით, ტექნოპარკში, საგანმანათლებლო ტექნოლოგიების მესამე კონფერენცია გაიხსნა. კონფერენცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა გახსნეს.

კონფერენცია მიზნად ისახავს ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას, ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას მასწავლებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის.

საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციაში 200 პედაგოგი და სპეციალისტი მონაწილეობს, ხოლო მოხსენებები ხუთი თემატური მიმართულებით არის დაგეგმილი.