ევროკავშირი ქართველი სტუდენტებისთვის TeamLab Georgia-ს სემინარს გამართავს

ევროკავშირი ქართველი სტუდენტებისთვის TeamLab Georgia-ს სემინარს გამართავს. სტუდენტებისთვის ბიზნესის განვითარებისადმი მიძღვნილი TeamLab Georgia-ს სემინარი, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის „კულტურა და კრეატიულობა“ ერთობლივი ორგანიზებით იმართება, თბილისში ტექნოპარკის ტერიტორიაზე 10 დეკემბერს ჩატარდება.

ორგანიზატორების განცხადებით, TeamLab Georgia ერთდღიანი სემინარია, რომლის მიზანი ერთობლივი პროექტებისა და იდეების შემუშავებაა. ის მიმართული იქნება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე. სემინარის მონაწილეები ერთმანეთს ბიზნესიდეებს გაუზიარებენ და სემინარის წამყვანებთან და ექსპერტებთან ერთად განიხილავენ და შეაფასებენ მათ.

სემინარის მონაწილეთა საუკეთესო გუნდი 2017 წლის აპრილ-მაისში ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში საგანმანათლებლო ტურში გაემგზავრება, რათა გაეცნოს სხვადასხვა ქვეყნის ინდუსტრიას. სემინარის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცემათ.

სემინარში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც აინტერესებს ინოვაციები, ახალი სამეწარმეო იდეები და ტექნოლოგიები.

„TeamLab Georgia მოწოდებულია სტუდენტებს დაეხმაროს ჯგუფურ მუშაობაში და იდეების განხორციელებაში. სემინარის ფარგლებში სხვადასხვა პროფილის სტუდენტები გაერთიანდებიან მათ მიერ არჩეული იდეის მიხედვით ჩამოყალიბებულ გუნდებში. სემინარის წამყვანები სტუდენტებს ბიზნესგეგმის, საქმიანი წინადადებებისა და პრიორიტეტების დასახვაში დაეხმარებიან. ექსპერტების სპეციალური ჯგუფი სემინარის ბოლოს გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

სემინარში მონაწილეობის მსურველებმა 25 ნოემბრამდე უნდა წარმოადგინონ განაცხადი და შეავსონ შესაბამისი ფორმა - https://goo.gl/hu6ej0 .

გარდა ამისა, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სემინარის შესახებ ინფორმაციას გაეცნონ Facebook-ის გვერდზე - https://www.facebook.com/events/362941224043483/, ან ეწვიონ ვებგვერდს - http://creativegeorgia.ge/cg/News/TeamLAB-Georgia.aspx.

ასევე შესაძლებელია სემინარის ორგანიზატორებთან დაკავშირება ნომერზე: +995 593 224 286, ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით - helen.mechitova@gmail.com.