სოფელ დიღმის გამყოფ ქედზე ნუშის ბაღების გაშენება დაიწყო

საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში 9 000-ზე მეტი ხის ნერგი დაირგო. აქციის ფარგლებში ხე-მცენარეები ჯამში, 20-მდე მისამართზე დაირგო. დიდი დიღმისა და სოფელ დიღმის გამყოფი ქედზე ნუშის ბაღების გაშენება დაიწყო. ტერასებიან ფერდობზე, სულ 8550 ძირი ნუშისა და საპნის ხის ნერგები დაირგო, 600 ძირი კვიპაროსი კი ფარნავაზ მეფის გამზირის გზის გამყოფ ზოლში; დიდ დიღომშივე, გზის პირებსა და კორპუსების ეზოებში - მთის ნეკერჩხლის, აკაციის, არღავანისა და კვიპაროსის ხეები.

საშემოდგომო გამწვანების აქციაში თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან და გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურის უფროს, ნინო სულხანიშვილი მონაწილეობდნენ. გამწვანების ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობდნენ მერიის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ხუცურაული, მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები და სკოლის მოსწავლეები.

კონტრაქტორი კომპანიები ნარგავების მოვლა-პატრონობას ოთხი წლის განმავლობაში უზრუნველყოფენ.

„ღონისძიებაში დღეს სკოლის მოსწავლეებიც არიან ჩართულები, რათა ერთად ვიზრუნოთ ქალაქის გამწვანებაზე. რაც შეეხება დიდი დიღმისა და სოფელ დიღმის ქედს, ამ ტერიტორიაზე, ათეულობით წლების წინ, გამწვანებისთვის ტერასები გაკეთდა. ჩვენი გადაწყვეტილებით, აქ ნუშის ბაღები გაშენდება. ზოგადად, დიდ დიღომში გამწვანების ნაკლებობაა. ამიტომ, სხვადასხვა ლოკაციაზე აქტიურად ვრგავთ ხე - მცენარეებს, რაც რამდენიმე წელში ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

საშემოდგომო გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში 80 000 ხე - მცენარე დაირგვება.