ნარჩენების სწორად მართვა მოსახლეობის ცხოვრების მაღალ სტანდარტებსა და ეკოლოგიურ კეთილდღეობას უზრუნველყოფს

ხუთ წელზე მეტია თბილისთან ახლოს მდებარე სოფელ დიდი ლილოს მოსახლეობა ფანჯრებს ვერ აღებს.

ამის მთავარი მიზეზი სოფელთან ახლოს მდებარე ნაგავსაყრელია.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ნაგავსაყრელიდან წამოსული საშინელი სუნის გამო სახლებს ფაქტობრივად, ვეღარ ანიავებენ. გარდა ამისა, მოსახლეობა ფიქრობს, რომ დასახლებასთან ახლოს მდებარე პოლიგონის გამო ბევრს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაუჩნდა.

„ძალიან შეწუხებულები ვართ სუნით. ერთი ჰაერი გვქონდა და ეგეც აღარ გვაქვს. ვითხოვთ, რომ ნაგავსაყრელი გადაიტანონ ან სულაც გააუქმონ. ბავშვებს სტადიონი ჰქონდათ ახლოს და სუნის გამო იქით ვეღარ გადიან, ვერ თამაშობენ. უფროსებს აღარ ვჩივით, მაგრამ ჩვენი მომავალი თაობის დარდი გვტანჯავს, ჯანმრთელები გაგვეზრდება შვილიშვილები?“, - ამბობს დიდი ლილოს მკვიდრი ცისანა გაბათაშვილი.

ადგილობრივი მოსახლეობის პრეტენზიებს არ იზიარებს საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სამსახურის უფროსი ზურაბ გვენცაძე, რომელიც ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ნორიოს პოლიგონი სტანდარტების შესაბამისად ოპერირებს.

„კანონი გვავალდებულებს, რომ ბუფერული ზონა დასახლებული პუნქტიდან 500 მეტრში მდებარეობდეს, ნორიოს პოლიგონი კი დიდი ლილოს დასახლებიდან 1,5 კმ-შია“,- აღნიშნავს ზურაბ გვენცაძე.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ასევე დაგეგმილია გაზშემკრებისა და სხვა მნიშვნელოვანი სამუშაოების ეტაპობრივი განხორციელება, რაც აღნიშნულ პოლიგონზე არსებული ვითარების გაუმჯობესებასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის მრავალწლიანი პრობლემის აღმოფხვრას კიდევ უფრო ხელს შეუწყობს.

დიდი ლილოს ნაგავსაყრელის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო, ექსპლუატაციაში კი 2011 წელს შევიდა. ნაგავსაყრელის ფართობი 84 ჰექტარია. პოლიგონზე ყოველდღიურად 100-დან 120-მდე ნაგვის მანქანა შედის და საშუალო 1000 ტონამდე ნაგვის გადამუშავება ხდება.

თუმცა, მიუხედავად ხელმძღვანელობის განცხადებისა, რომ ნაგავსაყრელი სტანდარტების მიხედვით ოპერირებს, ნაგვის სუნს უჩივიან ნაგავსაყრელთან მდებარე სხვა ახლომდებარე სოფლების - ნასაგურის, ნორიოს, წინ უბნისა და აეროპორტის დასახლების მცხოვრებლები. პრეტენზია აქაც იგივეა - საშინელი სუნი, მწერების მომრავლება და სუნის შედეგად გამოწვეული სხვადასხვა დაავადებები, მათ შორის სიმსივნურიც.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015 წლის ანგარიშის „მყარი მუნიციპალური ნარჩენების მართვა“ თანახმად, თბილისის ნაგავსაყრელი აეროპორტებთან საერთაშორისო სტანდარტების დარღვევითაა აშენებული. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სტანდარტების მიხედვით, ნაგავსაყრელი აეროპორტიდან მინიმუმ 13 კმ-ით უნდა იყოს დაშორებული, თბილისის სამოქალაქო აეროპორტიდან დაშორება კი 7.5 კმ-ია.

„ფრინველები, რომლებსაც ნაგავსაყრელი იზიდავს, სახიფათოა თვითმფრინავებისთვის და შესაძლოა მათი დაზიანება და კატასტროფა გამოიწვიოს“, - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

ნაგავსაყრელები რეგიონში

ქვეყანაში 56 მოქმედი მუნიციპალური ნაგავსაყრელია. მათი აბსოლუტური უმრავლესობა (გარდა 3 ახალგახსნილი ნაგავსაყრელისა) საბჭოთა კავშირის დროსაა რეგისტრირებული, არ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და მათი ექსპლუატაციის ვადა გასულია.

56-დან 53 ნაგავსაყრელი საქართველოს მუნიციპალიტეტებში მდებარეობს. მყარი ნარჩენების მართვის bpnკომპანიის დირექტორის გიორგი შიხაშვილის განცხადებით, უახლოეს წლებში 30-მდე ნაგავსაყრელი ევროსტანდარტების შესაბამისობაში იქნება მოყვანილი, დაახლოებით 20 პოლიგონი კი დაიხურება.

მისი თქმით, ევროპაში არსებული და აპრობირებული სტანდარტები თანდათანობით იგეგემება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. თუმცა, ეს საკმაოდ რთული პროცესია როგორც ფინანსურად, ისე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით.

„აუცილებელია, რომ თავად მოსახლეობამ გააკეთოს ნარჩენების სეპარაცია, რომელიც მეორადი გადამუშავებისთვის გამოიყენება. 2019 წლიდან მუნიციპალიტეტები ვალდებული არიან გადავიდნენ სეპარაციაზე“, - ამბობს გიორგი შიხაშვილი.

კიდევ ერთი პრობლემა არის სამშენებლო ნარჩენები, რომლებიც ძირითადად ხევებში, მდინარის კალაპოტებში, გზის პირებზე და ა.შ. იყრება. თითქმის ყველა დასახლებულ პუნქტში ფუნქციონირებს სტიქიური ნაგავსაყრელები, სადაც ხდება სამშენებლო ნარჩენების უკანონოდ განთავსება.

აუდიტის ანგარიშის თანახმად, მაგალითად, ბათუმში (საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ქალაქში) სამშენებლო ნარჩენების ნაგავსაყრელი თავმოყრილია შუა ქალაქში დანგრეული ფაბრიკა - ქარხნების ტერიტორიებზე, სადაც კერძო პირები თავისუფლად ახერხებენ სამშენებლო ნარჩენების განთავსებას.

ევროკავშირის ქვეყნების მაგალითი

მყარი ნარჩენების მართვას ევროსტანდარტების შესაბამისად საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ავალდებულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაგავსაყრელები ზიანს არ უნდა აყენებდეს მოსახლეობასა და მათ ჯანმრთელობას ისევე, როგორც გარემოს. გარდა ამისა, ნაგავსაყრელის მიმდებარედ არ უნდა იყოს სუნი, ხმაური და მტვერი. მყარი ნარჩენების პოლიგონი აღჭურვილი უნდა იყოს წყალგაუმტარი ფსკერით, სადრენაჟო სისტემით, ნაჟური წყლების გასაფილტრი სისტემით, მწერებისა და ჩიტების დასაფრთხობი მოწყობილობით.

ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოების მიზნით, საქართველოს ფინანსურ დახმარებას გაუწევს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. EBRD საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტს დააფინანსებს. პროექტის განსახორციელებლად, ბანკი სესხის სახით საქართველოს 10 მილიონ ევროს, 2 მილიონ ევროს კი გრანტის სახით გამოუყოფს.

პროექტის ფარგლებში მოხდება მყარი ნარჩენების შემგროვებელი მანქანებისა და კონტეინერების შეძენა. მანქანები და კონტეინერები ქვეყნის 64 მუნიციპალიტეტისთვის არის განკუთვნილი.

„მყარი ნარჩენების გადამუშავება ქვეყნისთვის განახლებადი ენერგიის მიღების სტაბილური წყაროა, რომელიც გააძლიერებს ეკოლოგიურ სარგებელს. ეს ყოველივე ქვეყანაში დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. ნარჩენების სწორად მართვა უზრუნველყოფს მოსახლეობის ცხოვრების მაღალ სტანდარტებს ისევე, როგორც ეკოლოგიურ კეთილდღეობასა და ჯანსაღ გარემოს“, - განაცხადა ჩვენთან საუბრისას EBRD-ის წარმომადგენელმა სოფო ჩიხრაძემ.

მისივე თქმით, მყარი ნარჩენების მართვა ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველო-ევროკავშირის დაახლოების პროცესის.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები 2020 წლამდე ვალდებული არიან ნაგავსაყრელზე განთავსებული მუნიციპალური ნარჩენების რაოდენობა შეამცირონ 50%-ით, ხოლო სამშენებლო ნარჩენები - 70%-ით. აღნიშნულთან მიმართებაში, ერთ-ერთ საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენს შვედეთი, რომელმაც 2010 წელს მიაღწია 49%-იან რეციკლირებას და ნარჩენების მხოლოდ 1%-ს განათავსებს ნაგავსაყრელზე.

ევროსტატის მონაცემებით, 2013 წელს ევროკავშირის 28 ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე 156,9 კგ. ნარჩენის გენერირება მოხდა.

სხვა ფაქტები

60%-ზე მეტი ნაგავი, რომელიც ნაგვის ურნაში თავსდება, შეიძლება გადამუშავდეს. ენერგიას, რომელიც ნაგვის ურნაში გროვდება, წლიურად 5 ათასი საათი შეუძლია ამუშაოს ტელევიზორი.

საშუალოდ ფულის 16%, რომელსაც პროდუქტის საყიდლად იხდით, შეფუთვაში მიდის, რაც საბოლოოდ ნაგვის ურნაში ინაცვლებს.

მსხვილი შუშის მწარმოებელი კომპანიები დღეში 1 მილიონ შუშის ბოთლს და ქილას აწარმოებენ. მინა 100%-ით გადამუშავებადია და შეიძლება მუდმივ ხმარებაში იმყოფებოდეს. ნაგავსაყრელში გადაგდებული მინა არასდროს დაიშლება.

გადამუშავებული ქაღალდი 73%-ით ნაკლებ მომწამვლელ ჰაერს აწარმოებს, ვიდრე უხეში მასალისგან დამზადებული.

ოჯახების უმრავლესობა 40 კილოგრამამდე პლასტმასს ყრის ნაგავში, რომლის გადამუშავებაც შესაძლებელია.

იხილეთ აგრეთვე: რას ამბობენ დიდი ლილოს მცხოვრებლები ნაგავსაყრელთან დაკავშირებით

მარი ჯავახიშვილი