„იუნისეფი“ - ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს

ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს , - ამის შესახებ მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევაშია საუბარი, რომელიც „იუნისეფმა“ დღეს წარმოადგინა.

ამასთან, კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ოჯახების საშუალო მოხმარება, არ შეცვლილა მათი შემოსავალი. ასევე ღარიბ ბავშვებს კვლავ ნაკლები შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ვიდრე მათ თანატოლებს მდიდარი ოჯახებიდან.

მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ყოველწლიურად ტარდება და მის ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდი სწავლობს ოჯახებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე.

როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ლაილა ომარ გადმა აღნიშნა, საქართველომ სიღარიბესთან ბრძოლის სფეროში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, თუმცა კვლავ სერიოზული გამოწვევები რჩება.

”სიღარიბის მაჩვენებლები შემცირდა, მაგრამ ბავშვები კვლავ რჩებიან ყველაზე დაუცველ ჯგუფად. საქართველოს სოციალური დაცვის სისტემა უნდა პასუხობდეს სოციალურ გამოწვევებს, რომლებიც დგას მისი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების წინაშე. ბავშვის უფლებათა დაცვა ახლა ისე აუცილებელია, როგორც არასდროს და არსებითია უფრო ძლიერი და სტაბილური საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. საჭიროა მეტი ინვესტიცია ყველაზე დაუცველი ბავშვებისთვის. სხვაგვარად გვექნება ნელი ზრდა, მეტი უთანასწორობა და ნაკლები სტაბილურობა”, - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ლაილა ომარ გადმა.

მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდმა სულ საქართველოში მცხოვრები 4 533 ოჯახი გამოკითხა.