საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 22%-ით გაიზარდა

2016 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9957 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22 პროცენტით მეტია ; აქედან ექსპორტი 1701 მილიონ დოლარს შეადგენს (7 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 8256 მილიონ დოლარს (31 პროცენტით მეტი) - ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით განსახილველ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი 5859 მილიონ დოლარს შეადგენს (2 პროცენტით ნაკლები).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში 6555 მილიონი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 66 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1332 მილიონი დოლარი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2828 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 10 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 453 მილიონი დოლარი იყო (16 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 2375 მილიონი დოლარი (17პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 28 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 27 პროცენტი და იმპორტში 29 პროცენტი (2015 წლის იანვარ-ოქტომბერში შესაბამისად 32, 29 და 32 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 29 პროცენტი (2015 წლის იანვარ-ოქტომბერში 33 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში 2126 მილიონი დოლარი შეადგინა (2015 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით 6 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 571 მილიონი დოლარი (19 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1554 მილიონი დოლარი იყო (0.3 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 21 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 34 პროცენტი და იმპორტში 19 პროცენტი (2015 წლის იანვარ-ოქტომბერში შესაბამისად 28, 38 და 25 პროცენტი). 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 15 პროცენტი (2015 წლის იანვარ-ოქტომბერში 19 პროცენტი).

2016 წლის დაზუსტებული მონაცემები 2017 წლის 15 ივლისს გამოქვეყნდება.