დავით ნარმანია - ბიუჯეტთან დაკავშირებით უმცირესობის მიერ გამოთქმული შენიშვნების დიდი ნაწილი ლოგიკას მოკლებულია

უმცირესობის მიერ გამოთქმული მოსაზრებების და შენიშვნების დიდი ნაწილი აბსოლუტურად ლოგიკას მოკლებულია, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

”მე ვნახე პარასკევს გამოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები სხვადასხვა კომისიების სხდომებზე. უმცირესობის მიერ გამოთქმული მოსაზრებების და შენიშვნების დიდი ნაწილი აბსოლუტურად მოკლებულია ლოგიკას, როგორც ფინანსურ, ასევე სხვა სახის ლოგიკას. ამდენად, ამ საკითხზე მეც ძალიან ფართოდ ვისაუბრებ, როცა ბიუჯეტის ბოლო ვარიანტს მივიტან და წარვადგენ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, არის საკითხების ნაწილი, რომელიც ყურადსაღებია.

”რიგი საკითხები იყო, რაც არის გამოთქმული და ყურადსაღები და ეს ნაწილი რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება გადამუშავების დროს. ვნახოთ, დღევანდელი განხილვა. დღევანდელი განხილვის და პარასკევის განხილვის შედეგებს ჩვენ ერთობლივად გავაანალიზებთ”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისი თქმით, როცა დღევანდელი და პარასკევის განხილვის შენიშვნები ეცოდინება, მას შემდეგ გააკეთებს შეფასებას.