ირაკლი კოვზანაძე - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისთვის მთავარი ამოცანა იქნება 2017 წლის ბიუჯეტის ვარიანტზე მუშაობა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისთვის მთავარი ამოცანა იქნება 2017 წლის ბიუჯეტის ვარიანტზე მუშაობა, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი სხდომა საორგანიზაციო ხასიათის იყო.

„ჩვენ დავამტკიცეთ ჩვენი კომიტეტის დებულება, ასევე ავირჩიეთ კომიტეტის თავმჯდომარის სამი მოადგილე: პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ბერაია და რომან გოცირიძე. მომავალში ძალიან დატვირთული იქნება ამ კომიტეტის დღის წესრიგი. უახლოეს პერიოდში, როგორც კი მთავრობის დამტკიცება მოხდება, ჩვენთან შემოვა 2017 წლის ბიუჯეტი. ვიცი, რომ მთავრობა ძალიან ინტენსიურად ამზადებს ბიუჯეტის პროექტს და კომიტეტი მოამზადებს პროექტის ვერსიას განსახილველად. ასევე, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე მუშაობა ჩვენი კომიტეტის პრეროგატივაა. ეს არის მთავარი დოკუმენტი საქართველოს ეროვნული ბანკისთვის. მასში იდება მთავარი, პოტენციალური ნორმები, რომელიც მომავალი 2017 წლისთვის მთავარი დოკუმენტი იქნება ცენტრალური ბანკისთვის. ეს არის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის უახლოესი ერთი თვის დღის წესრიგი“, -განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.