არქიტექტურის სამსახური მტკვრის რეკრეაციულ ზონად ქცევის საკითხს განიხილავს

გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი განიხილავს ზოგადად მტკვრის რეკრეაციულ ზონად ქცევის საკითხს , - ამის შესახებ თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ზურაბ წიკლაურმა განაცხადა, ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად - იგეგმება თუ არა ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის რეკრეაციულ ზონად ქცევა.

”გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი განიხილავს ზოგადად მტკვრის რეკრეაციულ ზონად ქცევის საკითხს. აქ არ განიხილება მარტო ელიავას საკითხი, დაწყებული დიღმის ჭალებიდან, დამთავრებული თითქმის ქალაქის ბოლომდე, ზოგადად განიხილება მტკვრის კონცეფცია, როგორი უნდა იყოს მტკვარი, როგორ უნდა გაიხსნას რეკრეაციული სივრცეები. აქედან გამომდინარე, ალბათ ამიტომ წამოიჭრა ეს საკითხი. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიები არის ერთ-ერთი ვრცელი ტერიტორია, რომელიც უშუალოდ მიებმება მტკვარს ალბათ, ასეთი აზრი არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ელიავას ბაზრობა ხვალ იხურება, იქ არიან კერძო მესაკუთრეები, იქ არის სხვა ტერიტორიები, იქ არის მოსახლეობა, იქ არის საცხოვრებელი რაიონი და აქედან გამომდინარე, ეს სერიოზული დასამუშავებელი პროექტია. ეს არ არის ერთი დღის პროექტი, ამაზე უკვე გენერალური გეგმის მიღების შემდეგ სერიოზული ჯგუფი იმუშავებს, მანამდეც არსებობდა კვლევები მტკვართან დაკავშირებით”, - განაცხადა წიკლაურმა.

მისი თქმით, გათვალისწინებული იქნება ყველა კერძო მესაკუთრის და ქალაქის ინტერესი. როგორც წიკლაურმა აღნიშნა, კონკრეტული ადგილები და მონაცვლეობები ამ ეტაპზე არ განიხილება.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ამ საკითხზე ფართო განხილვა არ ყოფილა.

”ჯერჯერობით, ეს არის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის მიერ მომზადებული და მოფიქრებული წინადადება, რომლის ფართო განხილვაც არ ყოფილა, ვინაიდან ჩვენთან წარმოდგენილი არ არის. მე უახლოეს დღეებში შევხვდები გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს და მათთან მექნება საუბარი იმაზე, რომ ეს საკითხი მათი მხრიდან სიღრმისეულად დამუშავდეს და იქნეს წარმოდგენილი თბილისის მერიაში, რათა შევძლოთ გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.