რომან გოცირიძე - ქვეყანაში უნდა დაიწყოს რადიკალური დებიუროკრატიზაცია, ფუფუნება უნდა ჩაბარდეს წარსულს

ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება ბიუჯეტის გაჯანსაღება; ქვეყანაში უნდა დაიწყოს რადიკალური დებიუროკრატიზაცია , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, არ არის საჭირო, მინისტრს ჰყავდეს 5 და 7 მოადგილე თავისი შავი ჯიპებით, ისევე როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები სარგებლობდნენ ათასნაირი შეღავათით, სპეცმომსახურებით და ა.შ.

„არ არის აუცილებელი, პარლამენტში ზვიად ძიძიგური მოდიოდეს შავი ჯიპით. ამის გარეშეც ძალიან კარგად შევძლებთ ჩვენ კანონების მიღებას. ფუფუნება უნდა ჩაბარდეს წარსულს. ხალხს უნდა დავუმტკიცოთ, რომ რეალურად გვინდა ლარის გამყარება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მხარს დაუჭერს ყველა იმ ინიციატივას, რომელიც წაადგება ხალხს და ეკონომიკურ განვითრებას.

„ჩვენ არავის ვუდგევართ ჯიბრში“, -აღნიშნა გოცირიძემ.